ფოტო: Cameron Spencer/Getty Images
ქალთა სპორტი ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება და სპორტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა, თუმცა Forbes-ის 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა.
უკვე ზედიზედ მესამე წელია, როდესაც მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენს შორის ქალი არ ფიგურირებს. რეიტინგის მინიმალური ზღვარი წელს იტალიელი ჩოგბურთელის, იანიკ სინერის $54.6-მილიონიანი შემოსავალი აღმოჩნდა. შედარებისთვის, სპორტსმენ ქალებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კოკო გოფია, რომლის 2025 წლის შემოსავალიც Forbes-მა $33 მილიონად შეაფასა. აქედან $8 მილიონი საპრიზო თანხებზე მოდის, ხოლო $25 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან, გამოსვლებიდან და სხვა კომერციული აქტივობებიდან არის მიღებული.
ბოლოს ქალი, რომელმაც Forbes-ის საერთო რეიტინგის ტოპ-50-ში ადგილი დაიკავა, ასევე ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი იყო. 2023 წლის სიაში მისი შემოსავალი $45.3 მილიონს შეადგენდა. 2012 წლის შემდეგ რეიტინგში მხოლოდ ოთხი ქალი მოხვდა და ყველა მათგანი ჩოგბურთელი: მარია შარაპოვა, ლი ნა, ნაომი ოსაკა და უკვე ნახსენები უილიამსი.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ქალთა სპორტში ყველაზე თანაბარი ანაზღაურება სწორედ ჩოგბურთშია. „უიმბლდონმა“ 2007 წელს მამაკაცებისა და ქალების საპრიზო ფონდი საბოლოოდ გაათანაბრა, რის შემდეგაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირი ერთნაირ საპრიზო თანხებს გასცემს. სწორედ ამიტომ, 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების სიის ნახევარს ჩოგბურთელები შეადგენდნენ.
ანაზღაურებებს შორის განსაკუთრებით დიდი სხვაობა გუნდურ სპორტებში ფიქსირდება. Forbes-ის მიხედვით, NBA-ის სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა გასულ 12 თვეში დაახლოებით $137.8 მილიონი გამოიმუშავა, რაც 11-ჯერ მეტია, ვიდრე ქალთა კალათბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის, კეიტლინ კლარკის $12.1-მილიონიანი შემოსავალი.
სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა უშუალოდ ხელფასებში. კლარკის ანაზღაურება WNBA-ში გასულ სეზონში დაახლოებით $78,000 იყო, ხოლო მიმდინარე სეზონში – $529,000. შედარებისთვის, ლებრონ ჯეიმსის ხელფასი 2025/26 წლების სეზონში $52.6 მილიონს აღწევს.
ფეხბურთშიც ანალოგიური სურათია. Forbes-ის მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მიღებული ანაზღაურებით $235 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო მისი საერთო წლიური შემოსავალი $300 მილიონს აღწევს. ფეხბურთელ ქალებს შორის მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი ჯერ არ არსებობს. ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად მიჩნეული ტრინიტი როდმანი წელიწადში დაახლოებით $2 მილიონს იღებს.
Forbes-ის შეფასებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის ასეთი განსხვავებაა, ლიგების შემოსავლებია. მაგალითად, WNBA ახალი სატელევიზიო კონტრაქტების შედეგად წლიურად საშუალოდ $281 მილიონს გამოიმუშავებს, მაშინ როცა NBA-ის მედიახელშეკრულებების ღირებულება თითქმის $7 მილიარდს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ქალთა სპორტი საკმაოდ სწრაფად იზრდება. Deloitte-ი პროგნოზირებს, რომ ქალთა ელიტური სპორტის საერთო შემოსავალი 2026 წელს პირველად გადააჭარბებს $3 მილიარდს, რაც 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 340%-იანი ზრდაა.
ამასთან, არასპორტული შემოსავლების მიმართულებით სხვაობა სწრაფად მცირდება. Forbes-ის შეფასებით, WNBA-ის ვარსკვლავები, კაიტლინ კლარკი, საბრინა იონესკუ, პეიჯ ბუკერსი და ენჯელ რიზი, თითოეული მინიმუმ $9 მილიონს გამოიმუშავებს სპონსორებისა და კომერციული შეთანხმებების საშუალებით, რითაც უკვე NBA-ის არაერთ მოთამაშეს უწევენ კონკურენციას.
Forbes-ი მიიჩნევს, რომ სპორტსმენ ქალებს შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა სპორტის ყველაზე პოპულარული სახეები ჯერ კარიერის საწყის ეტაპზე არიან. მაგალითად, კოკო გოფი მხოლოდ 22 წლისაა და უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპორტულ სახედ მიიჩნევა.














