რუსეთ-უკრაინის ომს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის სფეროზე, რადგან უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით სასუქი პროდუქტების ფასები იზრდება, რუსეთი კი სასუქის უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტომ ვილსაკის თქმით, ფერმერების წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა სასუქი პროდუქტების ფასების ზრდაა, რაც, თავის მხრივ, მცენარეული პროდუქტების გაძვირებას იწვევს.
ერთ წელიწადში სასუქი პროდუქტების ფასები აშშ-ში თითქმის გაოთხმაგდა და, სავარაუდოა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს სასუქი პროდუქტების გლობალური დეფიციტი. ასევე გასათვალისწინებელია სასუქის წარმოების პროცესში გამოყენებული ენერგოპროდუქტების – კერძოდ, გაზის – გაძვირება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა.
2007-2008 წლებში, საკვები პროდუქტების კრიზისის დროს, რუსეთმა სასუქის წარმოებაზე გავლენის დემონსტრაცია მოახდინა, კერძოდ, რუსეთმა და ბელარუსმა მნიშვნელოვნად შეამცირეს კალიუმის წარმოება, რამაც რამდენიმე თვეში სასუქი პროდუქტების ნაწილის თითქმის 400%-ით გაძვირება გამოიწვია.
რუსეთი, ასევე, მნიშვნელოვანი მოთამაშეა აზოტოვანი სასუქის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ექსპორტში მისი წილი 17%-ზე ნაკლებს შეადგენს, რუსეთი აწარმოებს სასუქის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის, ამონიუმის ნიტრატის თითქმის 66 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 8.7 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შემოვიდა და აღნიშნული პროდუქტი იმპორტირებული საქონლის ტოპ-ოცეულშია.
სასუქის ღირებულება ამერიკელ ფერმერთა დიდი ნაწილის საოპერაციო ხარჯების 30-40%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ბაზარი პირდაპირ არ არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე, მოსალოდნელია, რომ გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვამ და ფასების ზრდამ გავლენა მოახდინოს ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორზე.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ექსპერტები მსოფლიო მასშტაბით სასუქის ფასების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხარჯების ზრდას ვარაუდობენ, რაც, გარკვეულწილად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით იქნება განპირობებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია ბაზრების დივერსიფიცირება და ქვეყნების მიერ რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. საგულისხმოა, რომ სასუქი პროდუქტების ბაზარზე რუსეთი ერთადერთი მოთამაშე არ არის და მას კონკურენციას სხვა ქვეყნებიც უწევენ, მაგალითად: ჩინეთი, კანადა, აშშ და მაროკო.
სასუქის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი 2020 წელს გაყიდული საქონლის ღირებულებით:
- რუსეთი – $7 მილიარდი (გლობალური ექსპორტის 12.7%)
- ჩინეთი – $6.6 მილიარდი (12%)
- კანადა – $5.2 მილიარდი (9.4%)
- აშშ – $3.7 მილიარდი (6.7%)
- მაროკო – $3.4 მილიარდი (6.2%)
- ბელარუსი – $2.6 მილიარდი (4.7%)
- ნიდერლანდები – $2 მილიარდი (3.7%)
- ბელგია – $1.6 მილიარდი (2.9%)
- კატარი – $1.3 მილიარდი (2.4%)
- საუდის არაბეთი: $1.2 მილიარდი (2.3%)