რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით გერმანიის ეკონომიკა $265 მილიარდს იზარალებს

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით გერმანიის ეკონომიკა $265 მილიარდს იზარალებს

დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის (IAB) მონაცემებით, გერმანიის ეკონომიკა 2030 წლისთვის €260 მილიარდზე მეტს ($265 მილიარდი) იზარალებს. გერმანიის ეკონომიკის ზარალს რუსეთ-უკრაინის ომი და ენერგიის მზარდი ფასები განაპირობებს, რაც თავის მხრივ უარყოფითად შრომის ბაზარზეც იმოქმედებს.

დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშით, „მშვიდობიანი ევროპის“ მოლოდინებთან შედარებით, მომავალ წელს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1.7%-ით დაიკლებს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 240,000-ით შემცირდება. მკვლევართა პროგნოზით, დასაქმების მაჩვენებელი ამ დონეზე 2026 წლამდე შენარჩუნდება, ხოლო თანდათანობით, ნეგატიური ეფექტების დაძლევასთან ერთად, 2030 წლიდან სიტუაცია გამოსწორდება.

IAB-ის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია იქნება, რომელზედაც კორონავირუსის პანდემიამ ისედაც ძლიერ ნეგატიურად იმოქმედა. ამ ყველაფერთან ერთად კი, დიდი ალბათობით, დაზარალდება ენერგეტიკის სექტორი, ასევე, ქიმიური მრეწველობა და ლითონის წარმოება.

დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის ვარაუდით, ენერგიის ფასების კვლავ გაორმაგების შემთხვევაში, გერმანიის 2023 წლის ეკონომიკური წარმოება 4%-ით დაბალი იქნებოდა, ვიდრე ომის არ არსებობის შემთხვევაში. ცნობისთვის, ენერგოფასები უკვე 160%-ითაა გაზრდილი. ამავე დაშვებით, სამი წლის შემდგომ, 660,000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული, 2030 წლისთვის კი მათი რაოდენობა კვლავ 60,000-ით ნაკლები იქნება.