რუსეთისა და ჩინეთის ოფიციალური პირები, 2035 წლისთვის, მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის განთავსებას განიხილავენ. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი ქვეყნებს საშუალებას მისცემს, მთვარეზე შექმნან ისეთივე ტიპის დასახლებები, როგორსაც ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს.
რუსული Roscosmos-ის გენერალური დირექტორის, იური ბორისოვის განცხადებას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს. ბორისოვის თქმით, კოსმოსური სააგენტო, ჩინელ პარტნიორებთან ერთად, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის განთავსების საკითხს „სრული სერიოზულობით უდგება“. ბორისოვის ინფორმაციითვე, პროექტი 2033-2035 წლებში დასრულდება და, სავარაუდოდ, მშენებლობაში ადამიანების მონაწილეობის გარეშე განხორციელდება.
ტექნოლოგია, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ავტომატიზებას შეძლებს, თითქმის მზადაა. Roscosmos-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ატომური ენერგიით „მთვარის მომავალი დასახლებები“ მომარაგდება, ვინაიდან, თანამედროვე მზის პანელები საკმარის ენერგიას ვერ უზრუნველყოფენ. რუსეთი ასევე ავითარებს ატომურ „კოსმოსურ ბუქსირს“, რომელსაც ერთი ორბიტიდან მეორეზე ტვირთის გადატანა და კოსმოსური ნამსხვრევების შეგროვება შეეძლება.
ბორისოვის განცხადებით, მათი ქვეყანა კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგია და თვლის, რომ „კოსმოსი თავისუფალი უნდა იყოს ბირთვული იარაღისგან“. გასულ თვეში აშშ-ის გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღი გაიტანა. ABC News-ის ცნობით, იარაღი სატელიტების გასანადგურებლად იქნებოდა გამოყენებული. თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და პრეზიდენტმა პუტინმა გავრცელებული ხმები მალევე უარყვეს.