რუსეთი: F-16-ების უკრაინისათვის გადაცემა კონფლიქტში NATO-ს ჩართულობაზე ეჭვებს გაზრდის

რუსეთი: F-16-ების უკრაინისათვის გადაცემა კონფლიქტში NATO-ს ჩართულობაზე ეჭვებს გაზრდის

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინისათვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების გადაცემა კონფლიქტში NATO-ს როლის შესახებ კითხვებს გააჩენს და ეჭვებს გაზრდის. ანტონოვმა აშშ რუსეთისათვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების მიზნით დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების კონსოლიდირებაშიც დაადანაშაულა.

ცნობისათვის, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი პილოტებისათვის F-16-ების საწვრთნელი პროგრამა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის დაარწმუნა, რომ ამერიკული თვითმფრინავები რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიჭრებიან.

აშშ-ში რუსეთის საელჩოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ანატოლი ანტონოვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში F-16-ების საოპერაციო ინფრასტრუქტურა, პილოტებისა და სერვისის პერსონალის საჭირო რაოდენობა ამჟამად არ არის. შესაბამისად, „რა მოხდება, თუკი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ნატოს ავიაბაზებიდან აფრინდება?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ანატოლი ანტონოვი. ამით კი კონფლიქტში ნატოს ჩართულობის შესახებ რუსეთის სავარაუდო პოზიციისაკენ მიუთითებს.

მან დამატებით განმარტა, რომ უკრაინის ყირიმზე თავდასხმას რუსეთზე თავდასხმად გააიგივებენ. „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ასეთ შემთხვევაში რუსეთის პასუხზე“, – აცხადებს ის.

შეგახსენებთ, დიდი შვიდეულის სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდამჭერი გრძელვადიანი გეგმები განიხილეს. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს კი უკრაინისათვის ამერიკული მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლის, F-16-ების გადაცემა წარმოადგენდა.