რუსი დეფექტორი, ვინც უკრაინას შვეულმფრენი გადასცა, ჯილდოს სახით $500,000 მიიღებს

რუსი დეფექტორი, ვინც უკრაინას შვეულმფრენი გადასცა, ჯილდოს სახით $500,000 მიიღებს

რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას Mi-8 ტიპის შვეულმფრენი გადასცა, მხარის შეცვლისა და თან რუსული შეიარაღების წაღების გამო ჯილდოს სახით $500,000-ს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსპიკერმა, ანდრი იუსოვმა სატელევიზიო გადაცემაში გაავრცელა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსი დეფექტორი ჯილდოს ეროვნულ ვალუტაში, გრივნაში მიიღებს. უკრაინის სადაზვერვო სამსახური რუს სამხედრო პერსონალს იმავეს გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ, [მივმართავ] იმ რუსებს, რომელთაც არ სურთ, გახდნენ ომის დამნაშავეები, გთხოვთ, დანებდით, გადმოდით უკრაინის მხარეს და დაიცავით თქვენი ღირსება, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“, – მიმართა რუს სამხედროებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსპიკერმა ანდრი იუსოვმა.

ცნობისათვის, დეფექტორი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა, სამსახური და ინტერესები სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მიატოვა.

28 წლის რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის შემთხვევა აქტიურად შუქდება უკრაინული მედიის მიერ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგია. რუს პილოტს რუსული სამხედრო შვეულმფრენი უკრაინის აღმოსავლეთით, ხარკოვში უნდა დაესვა, სადაც მას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ელოდებოდნენ. ბორტზე არსებულმა ეკიპაჟის კიდევ ორმა წევრმა, რომელთაც დეფექტორის განზრახვის შესახებ არ იცოდნენ, დანებება არ ისურვა. უკრაინულმა სპეცრაზმმა კი მათი ლიკვიდაცია მოახდინა.