რუსი მილიარდერი Sotheby’s-ის აუქციონის სახლს უჩივის და ზარალის ასანაზღაურებლად $232.5 მილიონზე მეტს ითხოვს. პროცესზე დმიტრი რიბოლოვლევის ადვოკატის მტკიცებით, აუქციონის სახლმა ბოროტად გამოიყენა თავისი „პრივილეგია, ძალაუფლება და რეპუტაცია“, რათა მას ნამუშევრები გაზვიადებულ ფასად შეეძინა.
თუმცა, აუქციონის სახლის განცხადებით, მილიარდერი ნაწილობრივ თავის თავსაც ადანაშაულებს, რომელმაც მისივე ძველ მეგობარსა და შვეიცარიელ ხელოვნების დილერ ივ ბუვიეს ნება დართო, წარემართა ოთხი უიშვიათესი ხელოვნების ნიმუშის შეძენის პროცესი – მათ შორისაა ლეონარდო და ვინჩის „Salvator Mundi“, 2017 წელს გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი. მანჰეტენზე, აშშ-ის საოლქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი ორშაბათს დაიწყო.
თავის დასაცავად, Sotheby’s-ი ამტკიცებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ბუვიეს მიერ რუსი მილიარდერის მოტყუების შესახებ. ამ დროს კი, შვეიცარიელი დილერი რიბოლოვლევს არწმუნებდა, რომ გამყიდველებთან მოლაპარაკებები იწელებოდა, რათა ნამუშევრებისთვის, მათ შორის კლიმტის $184-მილიონიანი „წყლის გველები II“-სთვის, ფასი გაეზარდა. მილიარდერის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ ბუვიე ნამუშევრებს Sotheby’s-ის საშუალებით ყიდულობდა და შემდეგ მისთვის უფრო ძვირ ფასად მიყიდვას ცდილობდა.
დმიტრი რიბოლოვლევის ადვოკატის ინფორმაციით, $6.4-მილიონიანი საკომისიოს გარდა, რომელიც დილერმა ოთხი ნამუშევრის შესყიდვის პროცესიდან მიიღო, ბუვიემ თაღლითობით დამატებით $164 მილიონიც მიისაკუთრა.
მილიარდერმა მისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში კალიუმის სასუქების უმსხვილეს მწარმოებელ Uralkali-ის საშუალებით დააგროვა, რომლის წილიც 2010 წელს, $6.5 მილიარდად გაყიდა. ამერიკული Forbes-ი რიბოლოვლევის ქონებას $6.4 მილიარდად აფასებს.