რუსული დაჯგუფების მიერ განხორციელებული კიბერშეტევის გამო შესაძლოა 1,500-ზე მეტი ბიზნესი დაზარალდეს

რუსული დაჯგუფების მიერ განხორციელებული კიბერშეტევის გამო შესაძლოა 1,500-ზე მეტი ბიზნესი დაზარალდეს

რუსული დაჯგუფება Revil-ის მიერ პარასკევს განხორციელებულმა კიბერშეტევამ მსოფლიო მასშტაბით 800-დან 1,500-მდე ბიზნესი დააზარალა.  საქმე ეხება ე.წ. “ransomeware”-ის გამოყენებით დაგეგმილ ყველაზე დიდ კიბერშეტევას, რომელიც  სისტემას მანამდე თიშავს, ვიდრე დაზარალებული ორგანიზაცია შესაბამის გამოსასყიდს არ გადაიხდის.

კიბერშეტევით დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ისინი მომავალში ბევრად დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებან.

აღსანიშნავია, რომ რუსული კიბერშეტევის შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციებს შორისაა ამერიკის შეერთებულ შტატებში  მდებარე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kaseya, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 10,000-მდე ორგანიზაციას ტექნოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს, რაც თავისთავად მილიონობით ბიზნესთან წვდომას გულისხმობს. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მიმართეს გამოძიების ფედერალურ ბიუროს და თეთრ სახლს საქმის გამოძიების მოთხოვნით.

რუსული წარმოშობის დაჯგუფება Revil-ის მიერ მათი ვებგვერდის „Happy blog“-ის გამოყენებით  განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, დაჯგუფებამ ორგანიზაციების ნაწილს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდი მოსთხოვა. გარდა ამისა, დაჯგუფება თითოეული კომპიუტერული სისტემის აღდგენისთვის დამატებით 45,000 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ითხოვს. Revil-ის განცხადებით, ისინი გამოაქვეყნებენ ინსტრუქციას, რომელიც აუცილებელია დაზიანებული მონაცემების აღსადგენად იმ შემთხვევაში, თუ  $70 მილიონის მოცულობის ბიტკოინს მიიღებენ.

თეთრი სახლის განცხადებით, ისინი კიბერშეტევის საქმეზე უკვე თანამშრომლობენ რუსეთის მთავრობასთან და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ მიიღებს საჭირო ზომებს დამნაშავეების დასასჯელად, ამას თავად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გააკეთებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *