საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა წლიურ ჭრილში 11.27%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა წლიურ ჭრილში 11.27%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, 467.90 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.46% შეადგინა. წლიურ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების მოცულობა 11.27%-ით გაიზარდა.

სებ-ის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 67.78 მილიონი ლარით, 0.25%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.93% შეადგინა. 1.29%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.92%-ით), 400.11 მილიონი ლარით მოიმატა მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობამაც.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მარტის ბოლოსთვის 47.23%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით არის გაზრდილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.84% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.84%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.56%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.65%, ხოლო ევროს წილმა 18.91% შეადგინა.