ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით, თბილისელ აბიტურიენტებს დიდი უპირატესობა აქვთ ყველა საგანში სხვა ქალაქებში და სოფლად მცხოვრებ აბიტურიენტებთან შედარებით.
კერძო სკოლების კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ქულებიც ყველა საგანში აღემატება საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ მიღებულ ქულებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, განსხვავებები სკოლის მდებარეობის მიხედვით უფრო დიდია, ვიდრე სკოლის ტიპის მიხედვით. ზოგიერთ საგანში, მაგალითად, მათემატიკასა და ფიზიკაში კერძო და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ყველაზე დიდი განსხვავება თბილისში, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ აბიტურიენტებს შორის უცხო ენაში მიღებულ ქულებშია: თბილისელი აბიტურიენტები საშუალოდ დაახლოებით 22 ქულით მეტს იღებენ უცხო ენის ტესტში, ვიდრე სოფლის სკოლადამთავრებული აბიტურიენტები. ინგლისურის ტესტში ეს ერთ სტანდარტულ გადახრას უდრის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
თუმცა, გამოცდებში მაქსიმალური ქულები, საშუალო ქულები და სტანდარტული გადახრები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ საგნობრივი შედეგების შედარებისას, უმჯობესია სტანდარტიზებული კოეფიციენტები შევადაროთ ერთმანეთს. ამ მხრივ, კერძო სკოლის კურსდამთავრებულებს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ უცხო ენაში, გეოგრაფიაში, ზოგად უნარებში, ხელოვნებასა და ქიმიაში. ყველა პარამეტრით შედარებით მცირე განსხვავებები აბიტურიენტებს აქვთ ქართულ ენაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.