სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებისა და გაყიდვის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილება საბოლოოდ დაასრულებს ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარების მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას.
კორეული ტრადიციის თანახმად, ძაღლის ხორცის ჭამა სამხრეთ კორეის ნოტიო ჰავასთან გამკლავებისა და გამძლეობის გაუმჯობესების საშუალებად განიხილებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ძაღლმა სამხრეთ კორეის კულტურაში სხვა სტატუსი შეიძინა და სულ უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარდა მის ხორცს საკვები დანიშნულებით.
თანამედროვე კორეაში ძაღლის ხორცს უფროსი თაობის წარმომადგენლები მოიხმარენ. მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ საკვები ობიექტების რაოდენობაც, სადაც სტუმრებს ძაღლის ხორცით უმასპინძლდებიან. შესაბამისად, სამხრეთ კორეის მთავრობამ ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ძაღლების უფლებების დამცველი აქტივისტების განცხადებით, არაჰუმანურია თავად ძაღლის საკვებად მოხმარების გზებიც. აღნიშნული კანონპროექტის მთავარი ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელსაც 6 ძაღლი და 8 კატა ჰყავს. ქვეყანაში გაზრდილია შინაური ცხოველის ყოლის მაჩვენებელიც. 2010 წლის მონაცემებით, შინაური ცხოველი ოჯახების მხოლოდ 16%-ს ჰყავდა, ახლა კი ეს რიცხვი 25%-ს შეადგენს.
კანონი ძალაში 3-წლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ შევა. ძაღლის მოკვლა მისი ხორცის საკვებად მოხმარებისათვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან $22,800-მდე ჯარიმით დაისჯება.