უკრაინასთან ომის პარალელურად, რუსეთის მთავრობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ქვეყანაში აიკრძალა Facebook-ით, Google-ითა და Twitter-ით სარგებლობა. ასევე, ყოველდღიურად იზრდება იმ ვებგვერდებისა და აპლიკაციების რაოდენობა, რომლებთან წვდომაც რუსეთის ფედერაციიდან იზღუდება.
სამთავრობო ცენზურის საპასუხოდ, რუსეთში რეკორდულად იზრდება ვირტუალურ კერძო ქსელებზე (VPN) მოთხოვნა. Sensor Tower-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსი მოქალაქეების მიერ VPN-აპლიკაციების გადმოწერების რაოდენობა 1,500%-ით გაიზარდა და 6 მილიონს აღწევს.
“VPN-ზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში მცხოვრები ადამიანები აქტიურად ეძებენ სამთავრობო ცენზურისა და კონტროლის თავიდან არიდების გზებს”. – ამბობს Surfshark VPN-ის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ინტერნეტის თავისუფლება წლებია გარკვეულწილად შეზღუდულია და მთავრობა თითქმის ყოველწლიურად ზრდის აკრძალული საინფორმაციო საშუალებების, გამოცემებისა და ვებგვერდების რაოდენობას, თუმცა ქვეყანას ჯერაც არ მიუღწევია სამთავრობო ცენზურის იმ დონემდე, როგორიც ჩინეთშია, სადაც დასავლური კომპანიების სერვისები სრულად აკრძალულია, მოსახლეობა კი თითქმის იზოლირებულია საერთაშორისო ინტერნეტ სივრცისგან.