McDonald’s-ის ნაცვლად: მოსკოვის მერი ეროვნული ფასტ-ფუდ ქსელის შექმნას აანონსებს

McDonald’s-ის ნაცვლად: მოსკოვის მერი ეროვნული ფასტ-ფუდ ქსელის შექმნას აანონსებს

რუსეთის ბაზრიდან McDonald’s-ისა და კიდევ რამდენიმე ბრენდის გასვლის ფონზე, ამ კომპანიების მიერ დატოვებული ვაკუუმის შესავსებად, მოსკოვის მერია სწრაფი კვების რესტორნების ეროვნული ქსელის შესაქმნელად კომპანიებისთვის 500 მილიონი რუბლის (≈$3.7 მილიონი) შეღავათიან საკრედიტო ხაზს გახსნის, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

სობიანინის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება ადგილობრივ კომპანიებს გამოთავისუფლებული ნიშის ათვისებაში დაეხმარება. „როგორც იცით, McDonald’s-მა ორი თვით მუშაობა შეაჩერა. მოსკოვში McDonald’s-ს დაახლოებით 250 რესტორანი აქვს, ასე რომ ეს ნაბიჯი ნამდვილად არასასიამოვნოა – ადამიანები McDonald’s-ში სიარულს არიან შეჩვეულნი“, – განაცხადა სობიანინმა.

მოსკოვის მერის დათვლებით, სწრაფი კვების რესტორნების ახალი ქსელის შექმნას ნახევარი, მაქსიმუმ კი ერთი წელი დასჭირდება – ამგვარი სისწრაფე განპირობებულია იმით, რომ რუსეთში McDonald’s-ის მომწოდებელთა 99%-ს ადგილობრივი კომპანიები შეადგენენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ფასტ-ფუდ რესტორნების ახალ ეროვნულ ქსელში McDonald’s-ისა და სხვა დასავლური დაწესებულებების აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები იმუშავებენ.

რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ McDonald’s-ის გენერალურმა დირექტორმა, კრის კემჩინსკიმ 8 მარტს განაცხადა – მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი McDonald’s-ის ფასეულობებს ეწინააღმდეგება. McDonald’s-ის დათვლებით, რუსული ბაზრიდან გასვლა, ამგვარი პირობებით, კომპანიას ყოველთვიურად $50 მილიონი დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ McDonald’s-თან ერთად რუსული ბაზარი Starbucks-მა, Coca-Cola-მ, PepsiCo-მ, ასევე KFC-სა და Pizza Hut-ის მფლობელმა კომპანიამ, Yum! Brands-მა დატოვეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *