სანქციების გამო, „IDS ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა | ვინ ფლობს კომპანიას?

სანქციების გამო, „IDS ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა | ვინ ფლობს კომპანიას?

საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქცირების გამო, მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ წარმოების პროცესს დროებით აჩერებს.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, 2022 წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ვინ ფლობს IDS ბორჯომს?

2013 წლიდან IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტის 60%-ის მფლობელი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფია“. აქამდე კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც აღნიშნული აქტივი 460 მილიონ დოლარად გაასხვისა. კომპანიის დარჩენილი 40%-იანი წილი ისევ პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაში რჩება.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც ამჟამად სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია მოხვედრილი.

IDS Borjomi International-ის აქტივებში არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც შედის. IDS-ის საკუთრებაშია საწარმოები მირგოროდსა და მორშინში, რომლებიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად წყლის ბრენდს, Святой источник-ს.

უშუალოდ „IDS ბორჯომი საქართველოს“ ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი მოცულობა კი $63.3 მილიონი იყო. 2019 წელს კომპანიამ $140.1 მილიონის შემოსავალი და $17.3 მილიონის მოგება მიიღო.

„IDS ბორჯომი“ საქართველოში „ბორჯომის“, „ლიკანის“, „ბაკურიანის“ და „მიტარბის“ ბრენდებითაა წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *