საფონდო ბირჟაზე PORSCHE-ს დებიუტმა მოლოდინებს გადააჭარბა - IPO-ს ღირებულება $75 მილიარდია

საფონდო ბირჟაზე PORSCHE-ს დებიუტმა მოლოდინებს გადააჭარბა - IPO-ს ღირებულება $75 მილიარდია

ევროპულ საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის, Porsche-ს დებიუტმა ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ღირებულებამ 77 მილიარდი ევრო ($75 მლრდ) შეადგინა, რაც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა.

ცნობისთვის, Porsche-ს მშობელმა კომპანია Volkswagen Group-მა ბირჟაზე 911 მილიონი აქცია გაიტანა, რაც სიმბოლური რიცხვია და ლეგენდარულ Porsche 911-ს უკავშირდება.

წარმატებული IPO-ს შედეგად Porsche მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, Tesla-ს, Toyota-სა და VW-ს გვერდით.

საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის განთავსებით VW Group-ი დამატებითი შემოსავლის მიღებას და აღნიშნული რესურსების ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ინვესტირებას გეგმავს, რათა უახლოეს მომავალში გერმანულმა კონგლომერატმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Tesla-ს გადასწრება შეძლოს.

საგულისხმოა, რომ Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად მიიჩნევა, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.

გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.

Porsche-ს უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group, Norges Bank და Abu-Dhabi Developmental Holding Company.

Porsche-ს ლისტინგით მიღებული თანხის 49%-ს VW-ს აქციონერები დივიდენდის სახით მიიღებენ, დარჩენილი ნაწილი კი რეინვესტირებაზე დაიხარჯება.