საფონდო ბირჟები მკვეთრად დაეცა - უმდიდრესმა ადამიანებმა 24 საათში $100 მლრდ დაკარგეს

საფონდო ბირჟები მკვეთრად დაეცა - უმდიდრესმა ადამიანებმა 24 საათში $100 მლრდ დაკარგეს

გასული დღის სავაჭრო სესია ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა, მკვეთრად დაეცა თითქმის ყველა მსხვილი კომპანიისა და ძირითადი საფონდო ინდექსის ღირებულება.

აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) 4.32%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 3.94%-ით დაეცა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 5.16%-ითაა შემცირებული.

საფონდო ბირჟების ვარდნისა და მსხვილი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირების ფონზე, 24 საათში თითქმის 100 მილიარდი დოლარით შემცირდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება.

გუშინდელი დღე განსაკუთრებით ცუდად დასრულდა ჯეფ ბეზოსისთვის. 24 საათში Amazon-ის დამფუძნებლის ქონება თითქმის 10 მილიარდი დოლარით შემცირდა, თავად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 7%-ით დაეცა.

არასახარბიელო შედეგი ჰქონდა ილონ მასკსაც – კომპანია Tesla-ს აქციების ღირებულება 4%-ით დაეცა, თავად CEO-ს ქონება კი $8.4 მილიარდით შემცირდა.

გთავაზობთ გამორჩეულად ცუდი შედეგის მქონე მილიარდერების რეიტინგს:

1. ჯეფ ბეზოსი -9.8 მლრდ დოლარი;
2. ილონ მასკი -8.4 მლრდ დოლარი;
3. მარკ ცუკერბერგი -5.6 მლრდ დოლარი;
4. ლარი პეიჯი -5.2 მლრდ დოლარი;
5. სერგეი ბრინი -4.9 მლრდ დოლარი;
6. სტივ ბალმერი -4.7 მლრდ დოლარი;
7. ბერნარ არნო -4.1 მლრდ დოლარი;
8. ჩანგპენგ ჟაო -3.9 მლრდ დოლარი;
9. უორენ ბაფეტი -3.4 მლრდ დოლარი;
10. ბილ გეიტსი -2.8 მლრდ დოლარი.

საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან. გუშინ ინვესტორებისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 8.3% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის დონე ზრდის იმის ალბათობას, რომ ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების სტრატეგია აირჩიოს და მიმდინარე თვეს რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით გაზარდოს, რასაც ნეგატიურ გავლენა ექნება კაპიტალის ბაზარსა და საფონდო ბირჟებზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში უმდიდრესი ადამიანების ათეულში მხოლოდ ორი მილიარდერის, გაუტამ ადანისა და მუკეშ ამბანის ქონება გაიზარდა.

$147-მილიარდიანი ქონებით ამჟამად ადანი გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს ინარჩუნებს, მას კი $3 მილიარდით ჯეფ ბეზოსი უსწრებს, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, Amazon-ის დამფუძნებელს ქონებით ინდოელმა მილიარდერმა გადაუსწროს და რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავოს.

ვრცლად გაუტამ ადანის წარმატების ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა ინდოელი ბიზნესმენი უმდიდრესი ადამიანების სამეულში | გაუტამ ადანის წარმატების ისტორია