საფოსტო და საკურიერო საქმიანობიდან შემოსავლები საქართველოში 2018 წლის დონეს დაუბრუნდა

საფოსტო და საკურიერო საქმიანობიდან შემოსავლები საქართველოში 2018 წლის დონეს დაუბრუნდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95.9 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 75.1%–ს  შეადგენს, ხოლო 24.9% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60.9% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 80.6%  საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, ხოლო 19.4%  – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 25.6%
წერილობით კორესპონდენციებზე მოდის, რომლის 60.1%  საერთაშორისო,
ხოლო 39.9% ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2020 წლის
განმავლობაში გაგზავნილია 5.4 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია და 3.4 მილიონი
ამანათი.

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა
საშუალო წლიური რაოდენობა 4.3 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 1,156 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოების მიერ განხორციელებული გზავნილების რაოდენობა 12.1 მილიონს უტოლდება, ხოლო გზავნილების საერთო წონა 13.8 მლნ ტონა იყო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოების შემოსავალი გაორმაგდა. შემოსავლების მოცულობა 2015 წლიდან 2020 წლამდე ასე გამოიყურება.

  • 2015: 41.5 მლნ ლარი
  • 2016: 53 მლნ ლარი
  • 2017: 72.7 მლნ. ლარი
  • 2018: 95.8 მლნ. ლარი
  • 2019: 90.2 მლნ. ლარი
  • 2020: 95.9 მლნ ლარი