ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. ინვესტიციები იმ ქვეყანაში განხორციელდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა.
2024 წელს გამოქვეყნებული რეიტინგები ძირითადად 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. 2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა დემოკრატიის დონე, რაც 2025 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგებში აისახება.
2024 წლის რეიტინგებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების დონეს უჩვენებს, ამასთან მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო მოცემულობაა.
საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში (+3 ადგილი)
ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სიდიდის მოსახლეობის რაოდენობასთან ფარდობით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად შემოსავალი ე.წ. PPP დოლარებში ითვლება, რაც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობითი უნარის სხვაობას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 27,360 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 74-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის. 2023 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 24,850 PPP დოლარი იყო და ქვეყნებს შორის 77-ე ადგილს ვიკავებდით.
ერთ მოსახელზე წლიური შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია – 151 ათასი PPP დოლარით, ხოლო ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია 763 PPP დოლარით.
ადგილი | ქვეყანა | PPP დოლარი |
72 | დომინიკა | 28,950 |
73 | არგენტინა | 28,700 |
74 | საქართველო 🇬🇪 | 27,360 |
75 | სენტ-ლუსია | 27,050 |
76 | ჩრდილოეთი მაკედონია | 26,900 |
წყარო: სავალუტო ფონდი
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+3 ადგილი)
ჰერიტიჯის რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2024 წელს საქართველოს ქულა 0.3-ით შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების მეტად შემცირების გამო, საქართველომ რეიტინგში 35-ე ადგილიდან 32-ეზე აინაცვლა (176 ქვეყანას შორის). საქართველო ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია. ტრადიციულად, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს, რომელიც 2024 წელს კიდევ უფრო გაუარესდა.
რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ჩრდილოეთი კორეა.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
30 | გაერთიანებული სამეფო | 68.6 |
31 | ბულგარეთი | 68.5 |
32 | საქართველო 🇬🇪 | 68.4 |
33 | ავსტრია | 68.4 |
34 | სლოვაკეთი | 68.1 |
წყარო: The Heritage Foundation
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+4 ადგილი)
ფრაიზერის რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2023 წელს საქართველო 25-ე ადგილზე იყო, 2024 წელს კი 21-ე ადგილზე გადაინაცვლა 165 ქვეყანას შორის. საქართველოს ქულა 0.07-ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესობაში აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – თავისუფალ ვაჭრობაში. 10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ფინანსურ ღიაობაში აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ვენესუელა.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
19 | ტაივანი | 7.71 |
20 | ესტონეთი | 7.67 |
21 | საქართველო🇬🇪 | 7.66 |
22 | ჩეხეთი | 7.65 |
23 | პანამა | 7.62 |
წყარო: Fraser Institute
საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში (+1 ადგილი)
საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია საკუთრების უფლებების ალიანსი აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2023 წელს საქართველო 66-ე ადგილზე იყო (125 ქვეყანას შორის), 2024 წელს კი 65-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 0.024-ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს. ყველაზე მაღალი ქულა კი ფიზიკური ქონების დაცვის აღქმაში აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ვენესუელა.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
63 | ტრინიდადი და ტობაგო | 4.97 |
64 | განა | 4.95 |
65 | საქართველო 🇬🇪 | 4.93 |
66 | მონტენეგრო | 4.86 |
67 | ტაილანდი | 4.81 |
წყარო: საკუთრების უფლებების ალიანსი
საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში (-2 ადგილი)
ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2023 წელს საქართველო 25-ე ადგილზე იყო (193 ქვეყანას შორის), 2024 წელს კი 27-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. საქართველოს ქულა 0.6-ით გაუმჯობესდა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულა მეტად გაიზარდა და საქართველომ რეიტინგში 2 საფეხურით ქვემოთ ჩამოინაცვლა. საქართველოს შედარებით დაბალი ქულები ფინანსურ გლობალიზაციაში აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ვენესუელა.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
25 | პორტუგალია | 80.8 |
26 | ლიეტუვა | 80.1 |
27 | საქართველო 🇬🇪 | 79.7 |
28 | მონტენეგრო | 78.6 |
29 | საბერძნეთი | 78.3 |
წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში (-8 ადგილი)
კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2023 წელს საქართველო 41-ე ადგილზე იყო, რაც რეალურად 2022 წლის მდგომარეობას ასახავდა. 2024 წელს საქართველოს ქულა 3-ით შემცირდა და საქართველომ 49-ე ადგილზე ჩამოინაცვლა (180 ქვეყანას შორის), რაც რეალურად 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კურუფციასთან და ძალაუფლების კონცეტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სომალი.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
47 | სლოვაკეთი | 54 |
48 | კვიპროსი | 53 |
49 | საქართველო 🇬🇪 | 53 |
50 | გრენადა | 53 |
51 | რუანდა | 53 |
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო დემოკრატიის რეიტინგში (+1 ადგილი)
დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგი ყოველი წლის იანვარში ქვეყნდება და წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2023 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 2022 წელს საქართველო 90-ე ადგილზე იყო. 2024 წელს გამოქვეყნებული რეიტინგით, 2023 წელს საქართველო დემოკრატიის დონით მსოფლიოში 89-ე ადგილზე იყო (167 ქვეყანას შორის), ანუ 1 ადგილით დაწინაურდა. საქართველოს ქულა იგივე დარჩა. რეიტინგში ერთი ადგილით ანაცვლება სხვა ქვეყნების ქულების შემცირებამ განაპირობა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის მუშაობასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს.
რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ავღანეთი.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
87 | მადაგასკარი | 5.26 |
88 | ჰონგ-კონგი | 5.24 |
89 | საქართველო 🇬🇪 | 5.20 |
90 | მექსიკა | 5.14 |
91 | უკრაინა | 5.06 |
წყარო: Economist Intelligence Unit
საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში (-26 ადგილი)
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. საქართველო 2023 წელს რეიტინგში 77-ე ადგილზე იყო (180 ქვეყანას შორის), 2024 წელს კი 26 ადგილით ქვემოთ, 103-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. რეიტინგში ჩამოქვეითება საქართველოს ქულის 61.7-დან 53-მდე კლებამ განაპირობა. ქულა ყველაზე მეტად სოციალურ ინდიკატორში გაუარესდა, 75-დან 60-მდე. შემდეგ მოდის პოლიტიკური ინდიკატორი, სადაც ქულა 48.4-დან 36.2-მდე შემცირდა. შემცირდა დანარჩენი სამი ინდიკატორის ქულებიც, ესენია: ეკონომიკური, საკანონმდებლო ჩარჩო და უსაფრთხოება.
რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ერიტრეა.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
101 | ისრაელი | 53.23 |
102 | კენია | 53.22 |
103 | საქართველო 🇬🇪 | 53.05 |
104 | ანგოლა | 52.44 |
105 | მოზამბიკი | 52.42 |
წყარო: Reporters Without Borders
საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში (-1 ადგილი)
გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი აქვეყნებს. რეიტინგი 210-მდე ქვეყანას და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. 2024 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2023 წლის რეალობას ასახავს. თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. 2024 წლის რეიტინგით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 58 ქულა აქვს და 107-ე ადგილს იკავებს. 2023 წელსაც საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 106-ე ადგილზე იყო. საქართველოს რეიტინგში დაღმასვლა სხვა ქვეყნების ქულის მატებამ განაპირობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე. პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია და სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა.
რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სამხრეთი სუდანი.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
105 | სიერა-ლეონე | 60 |
106 | კოსოვო | 60 |
107 | საქართველო 🇬🇪 | 58 |
108 | ფილიპინები | 58 |
109 | მადაგასკარი | 58 |
წყარო: Freedom House
საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში (-1 ადგილი)
ჰუმანური განვითარების რეიტინგს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსის ბოლო ანგარიში 193 ქვეყანას მოიცავს და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. ჰუმანური განვითრების დონე 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე. ბოლო რეიტინგით საქართველო მსოფლიოში მე-60 ადგილზეა 0.814 ქულით. 2022 წლის რეიტინგით საქართველო 0.809 ქულით მსოფლიოში 59-ე ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს ქულა 0.005-ით გაიზარდა, რეიტინგში საქართველომ სხვა ქვეყნების ქულის მეტად ზრდის გამო ჩამოინაცვლა.
რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სომალი.
ადგილი | ქვეყანა | ქულა |
58 | პანამა | 0.820 |
59 | ომანი | 0.819 |
60 | საქართველო 🇬🇪 | 0.814 |
61 | ტრინიდადი და ტობაგო | 0.814 |
62 | ბარბადოსი | 0.809 |
წყარო: Human Development Index, UNDP