საქართველო და რეგიონი: ტურიზმის რეიტინგი

საქართველო და რეგიონი: ტურიზმის რეიტინგი

საქართველოში ტურიზმი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. საშუალოდ ტურიზმის პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუცია მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ ¼-ზე მეტია. გლობალური ეკონომიკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლები, დაახლოებით 7.5%-ია. ტურიზმის ნაწილში საქართველოს კონკურენტი ქვეყნები, გეოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობიდან (ფასების დონე) გამომდინარე, ძირითადად რეგიონის ქვეყნებია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მაჩვენებლით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერი ქვეყნები ბალტიისპირეთიდანაა: ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია. თუმცა ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის გარეშე) და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ლიდერებს შორის ადრიატიკის ზღვისპირა ქვეყნები – ხორვატია, მონტენეგრო და ალბანეთია. ასეთთა რიგებშია უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ბულგარეთი.

რეგიონში საქართველოს ადგილი მართალია, შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ ყველა მეზობელ და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე წინაა. საქართველოში 2001-19 წლებში ას მოსახლეზე წლიურად საშუალო საერთაშორისო ვიზიტორი 81 ადამიანი იყო, რაც 2015-19 წლებში საშუალოდ 172 ადამიანამდეა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის ტემპით კი საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია. ამ უკანასკნელის ვიზიტორთა მატებით ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი და მონტენეგრო გამოირჩევა.

მეთოდოლოგია

საერთაშორისო ვიზიტორი არის 15 და მეტი წლის არარეზიდენტი მოგზაური, რომლებიც საკუთარი ჩვეული გარემოდან სტუმარ ქვეყანაში წელიწადზე ნაკლები დროით რჩებიან.

საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის ტურისტული რეიტინგის განსაზღვრისთვის გამოყენებულია 2001-19 წლების (ორი ათწლეული) საშუალო მაჩვენებელი და ასევე, 2015-19 წლების საშუალო მაჩვენებელი, რათა თვალსაჩინო იყოს პროგრესი/ რეგრესი. იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადები შესადარი იყოს, მათი რაოდენობა გაანგარიშებულია ას მოსახლეზე.

საქართველოს რეგიონად სამი გეოგრაფიულ-ეკონომიკური არეალია გამოყენებული: ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობა, გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაცია და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნები.

ყოფილ საბჭოთა სივრცეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 100 მოსახლეზე

წყარო: მსოფლიო ბანკი, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია

ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (მაღალი შემოსავლების გარეშე) საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 100 მოსახლეზე

წყარო: მსოფლიო ბანკი, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 100 მოსახლეზე

წყარო: მსოფლიო ბანკი, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია