პარიზი პირველი ქალაქია, სადაც ელექტროსკუტერების გაქირავება იკრძალება

პარიზი პირველი ქალაქია, სადაც ელექტროსკუტერების გაქირავება იკრძალება

მიმდინარე კვირაში, საფრანგეთის დედაქალაქში ელექტროსკუტერების გაქირავება აიკრძალება. შედეგად, პარიზი ევროპის პირველი ქალაქი გახდება, რომელიც მსგავს შეზღუდვას დააწესებს. ცნობისთვის, აკრძალვა კერძო საკუთრებაში არსებული სკუტერების გამოყენებას არ შეეხება.

სატრანსპორტო საშუალებების გაქირავებაზე აკრძალვის დაწესება უკვე დაადასტურეს კომპანიებმა, რომლებიც პარიზში, ელექტროსკუტერების სერვისის ლიცენზიას ფლობენ. Lime, Dott-ი და Tier-ი, სკუტერებსა და ტროტინეტებს გაქირავებიდან, მთავრობის მიერ დადგენილი ვადის შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ამოიღებენ. სამივე კომპანია, პარიზის მასშტაბით, ჯამში 15,000-მდე ელექტროსკუტერს ფლობს.

ელექტროსკუტერების გაქირავებაზე შეზღუდვის დაწესებამდე კი, აპრილში, საფრანგეთის დედაქალაქში რეფერენდუმი ჩატარდა. გაქირავების აკრძალვას მხარი 90%-მა დაუჭირა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტროსკუტერები საშიშია ადამიანთა უსაფრთხოებისთვის და საგზაო ინციდენტების მიზეზი ხდება. მიუხედავად ამისა, ელექტროსკუტერების სერვისი კვლავ ხელმისაწვდომია საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლიონში, მარსელსა და ბორდოში. ელექტროსკუტრების სიჩქარესა და პარკირების წესებთან დაკავშირებით, რეგულაციები უკვე ევროპის ბევრმა ქალაქმა დააწესა.

აკრძალვიდან გამომდინარე კი, 2024 წლის ოლიმპიადისთვის, კომპანიები ელექტოველოსიპედების ფლოტებზე გადასასვლელად ემზადებიან. Lime, Dott-ისა და Tier-ის განცხადებით, ქალაქის მხარდაჭერით, ოლიმპიადამდე, ელექტროველოსიპედების ფლოტის ორჯერ გაზრდაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *