საქართველო სამ ქვეყანასთან ერთად წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის ერთობლივ კომპანიას შექმნის

საქართველო სამ ქვეყანასთან ერთად წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის ერთობლივ კომპანიას შექმნის

საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის მთავრობები შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გასატარებლად ერთობლივი კომპანიის შექმნას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბაქოში, მწვანე ენერგიის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გატარება ამბიციური ინიციატივაა, რაც მდგრადი ენერგიის გადაცემის ჯაჭვის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე სახელმწიფოები ენერგოსაკითხებში თანამშრომლობას გააღრმავებენ. მინისტრის განმარტებით, შავი ზღვის ფსკერის კაბელის პროექტი ენერგოუსაფრთხოების გაზრდისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრას ენერგოსაკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცნობისათვის, საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის მთავრობებმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და მიწოდების შესახებ სტრატეგიული შეთანხმება 2022 წლის 17 დეკემბერს გააფორმეს. შეთანხმება შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გატარებას ითვალისწინებს, რომელსაც 1 გიგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარება შეეძლება. პროექტი აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებას უზრუნველყოფს, რუმინეთიდან კი ელექტროენერგიის ტრანსპორტირება უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდება. გასული წლის ივნისში პროექტში მონაწილეობის სურვილი ბულგარეთმაც გამოთქვა. კაბელის სიგრძე 1,195 კილომეტრი იქნება და მის შავი ზღვის ფსკერზე განთავსებას 3-4 წელი დასჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *