2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება.
აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2020 წელს გაიმართება. საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი 40-მდე მინისტრი ესტუმრება. კარგი იქნება თუ ჩვენ სხვა ქვეყნის მინისტრებსაც დავპატიჟებთ, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე ყოველთვის იყო ჩემთვის ოცნება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო. ვფიქრობ ეს კარგი საშუალებაა საქართველოსთვის, რომ ერთად ვუმასპიძლოთ მსოფლიოს მინისტრებს და ვაჩვენოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი”, – აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.