საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ მან ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ჯგუფში, სადაც რამდენიმე დღის წინ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალში გადასასვლელად ბოლო შეხვედრა ნიდერლანდებთან გამართა. მართალია, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მისაღწევად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
თამაშში ქართველთა მხრიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თუმცა ტაიმის დამატებითი დროის მიწურულს კენეტ ტეილორმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში მეტოქეებმა ერთმანეთის კარის აღება ვერ შეძლეს და შეხვედრაც პირველი ტაიმის ანგარიშით დასრულდა.
მეოთხედფინალის შეხვედრები ივლისის დასაწყისში გაიმართება. 1-ელ ივლისს C ჯგუფის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდება, 2 ივლისს კი საქართველო C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.