საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას.

მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

„დღეს ციფრული არხების განვითარება ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და საქმიანობის დისტანციურ არხებში წარმოება, ჩავერთეთ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის და ელ-კომერციის განვითარებას. გარდა ამისა, ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინოს  მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე მათთვის არ იყო შესაძლებელი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილე მეწარმეებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მეტ კომპანიას მიეცეს წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

პროექტ „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ შესახებ:

ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს ინიციატივას „100 ვებგვერდი მეწარმეებს“. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, კერძოდ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.