საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის – The Hill

საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის – The Hill

საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის, – ამ სათაურით გამოცემა The Hill-ი ამერიკაში მოღვაწე პოლონელი მკვლევარი იანუშ ბუგაისკის მოსაზრებას აქვეყნებს.

“31 ოქტომბერს საქართველო აჩვენებს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია გლობალური პანდემიისა და რუსული ინტერვენციების ფონზეც. დაუცველ სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვლავ გაჩაღდა და ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტის ესკალაცია შეინიშნება, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული, რომლის მნიშვნელობაც დასავლეთისთვის იზრდება. ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, ეკონომიკური განვითარების მიღწევას და NATO-ში თავისი ადგილის უზრუნველყოფას“, – წერს მკვლევარი.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დასავლური ორიენტაციის დამტკიცების მთავარი ქვაკუთხედია. “2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის და ორი რეგიონის მიტაცების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ცდილობს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს და დაშალოს მისი პოლიტიკური სისტემა“, – წერია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას, ვინაიდან მსოფლიოში ინფიცირების და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ამ ქვეყანაშია. ეს კი მოქალაქეებს უსაფრთხოდ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

იანუშ ბუგაისკი ხაზს უსვამს დასავლეთის მოწოდების შედეგად მიღწეული საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რამაც საარჩევნო სისტემის მოდიფიკაცია გახადა შესაძლებელი.

“რამდენიმე ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთსა და პოლონეთში ცენტრალიზაციის ზრდისა და პარტიების მონოპოლიზაციის პერიოდში, იშვიათია რომ მმართველმა პარტიამ ისეთი რეფორმები განახორციელოს, რაც გაუზრდის ოპოზიციურ პარტიებს შანსს, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობის შანსები გაზარდოს“, – წერს ავტორი.

ბუგაისკის თქმით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პარალელურად, პუტინის რუსეთი კვლავ რჩება საფრთხედ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის, ეკონომიკური განვითარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში.

“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების მიზანს ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში შესვლის დისკვალიფიკაცია წარმოადგენდა. ევროკავშირის უწყების EUvsDisinfo-ის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, თუ როგორ იღებს მიზანში კრემლის დეზინფორმაცია საქართველოს, რომ მოახდინოს მისი დემოკრატიის დისკრედიტაცია და ქვეყანას დასავლური კურსი შეუცვალოს. რუსული წყაროები ასევე აღვივებენ ექსტრემიზმს, რათა გამოიწვიონ საზოგადოებრივი კონფლიქტები და საქართველოს ევროპისთვის ზურგი შეაქცევინონ. ისინი აცხადებენ, რომ დასავლური ღირებულებები გაანადგურებს საქართველოს მემკვიდრეობას და დასავლეთთან ინტეგრაცია გააფერმკრთალებს მის ეროვნულ იდენტობას“, – წერია მოსაზრებაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს, სტაბილური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობისგან, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროდან. მკვლევარს მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი რეიტინგიც მოჰყავს მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ, რომელშიც საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

“საქართველოს მთავრობამ საზოგადოების ნდობა პანდემიის დაძლევის საკითხში მოიპოვა, თუმცა, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, ეს ქვეყანაც 2020 წელს ეკონომიკის შემცირებას ელოდება დაახლოებით 5.5%-ით. ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, მომავალ ადმინისტრაციას დასჭირდება უფრო დიდი ყურადღების დათმობა ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბათუმისა და ფოთის პორტის ტერმინალების გაფართოებაზე და ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაზე. შავი ზღვა სტრატეგიული ხიდია სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ორ მხარეს შორის და საქართველო არხია კასპიიდან ევროპამდე ენერგორესურსებისთვის, ის ასევე განვითარებადი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბს წარმოადგენს. საქართველოს უსაფრთხოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის სამხედრო განვითარებასა და NATO-ში გაწევრიანების კუთხით პროგრესზე, არამედ იმაზეც რომ ის იყოს საერთაშორისო ბიზნესისა და ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ღერძი“, – წერია სტატიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *