HT Solutions-ი, ლიდერი კომპანია ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანია ციფრული განვითარების ჭრილში ინოვაციების დანერგვასა და ორგანიზაციების გარდაქმნას ისახავს მიზნად და ინდუსტრიაში ახალი, ყოვლისმომცველი სერვისები და გადაწყვეტილებები შემოაქვს. HT Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გვაზავა ITინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ტრენდებს მიმოიხილავს.
თავდაპირველად თავად HT Solutions-ზე რომ ვისაუბროთ: რა არის კომპანიის მისია და ძირითადი ბიზნესსაქმიანობა?
HT Solutions-ი IT-სერვისებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. ჩვენი მისია საკმაოდ ამბიციურია და, ვფიქრობ, მას მსგავსი ამბიციურობითაც ვუდგებით: გვსურს, გავხდეთ საქართველოს ტექნოლოგიური სახე მსოფლიოში. ამისთვის კი ვცდილობთ, სიახლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული და ინოვაციური ტექნოლოგიები მივაწოდოთ პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარსა და კომპანიებს. ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენი ხელწერაც საკმაოდ მკაფიოა – როგორც წესი, გლობალურად წამყვან ტექნოლოგიურ ბაზრებზე არსებულ ცვლილებებს სწრაფად ვითვისებთ და ეფექტიანად ვახდენთ ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების ადაპტირებას ქართულ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ჩემთვის HT Solutions-ი პოზიციონირდება ინოვაციურ, მოქნილ და სიახლეების მიმწოდებელ ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის სახე გახდება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რით განსხვავდება HT Solutions-ი ბაზარზე მყოფი სხვა კომპანიებისგან – როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით?
ქართულ ბაზარზე, საინტეგრაციო IT-ბიზნესში ბევრი და საკმაოდ წარმატებული კომპანია მოღვაწეობს. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ დიფერენცირებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორით ვახდენთ: პირველი და ყველაზე მთავარი: ყოველთვის ამოვდივართ ჩვენი მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიების ბიზნესამოცანებიდან და საჭიროებებიდან და მათზე დაყრდნობით ვარჩევთ კონკრეტული ბიზნესისთვის ოპტიმალურ და გონივრულ გადაწყვეტილებებს; მეორე: ყოველთვის ვცდილობთ, სიახლე დავნერგოთ ქართულ ბაზარზე, ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგია, ბიზნესპროცესი და სხვ. და მესამე, რაც უნდა აღინიშნოს, არის HT Solutions-ის შიდა კულტურა, რომელიც, ჩემი აზრით, უნიკალურია და განსხვავდება სხვა კომპანიების ბიზნესკულტურისაგან.
უშუალოდ თქვენზეც რომ ვისაუბროთ, როგორია თქვენი, როგორც გენერალური დირექტორის როლი HT Solutions-ში და რა შედის თქვენს ძირითად მოვალეობებში?
უკვე მესამე წელი ხდება, რაც HT Solutions-ში გენერალური დირექტორის პოზიციას ვიკავებ. ჩემი ნომერ პირველი ამოცანა კომპანიაში ისეთი კულტურის შექმნაა, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს საკუთარი თავის რეალიზებასა და გამოხატვაში დაეხმარება, სადაც მათ არ შეეშინდებათ განსხვავებული, თუნდაც კრიტიკული აზრის გამოთქმა და პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი ხედვის შემოთავაზება, რადგან მათ ყოველთვის ფართო ხედვა აქვთ, სწორად აფასებენ სიტუაციას და ირჩევენ გამოსავალს. ამ ყველაფერთან ერთად კი, რა თქმა უნდა, ჩემს მოვალეობებში შედის ბიზნესპროცესების გაუმჯობესება, პორტფოლიოს ზრდაზე მუშაობა, კლიენტების მოძიება და ა.შ.
პირადად ჩემზე რომ ვისაუბროთ, დავამთავრე ფიზიკურ-მათემატიკური სკოლა, შემდეგ ESM-ი, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. კურსზე პირველი ვიყავი, თუმცა ყოველთვის მსურდა ტექნოლოგიურ სფეროში განვითარება და ძალიან გამიმართლა ამ მხრივ, რადგან HT Solutions-ის გუნდს შემოვუერთდი სწორედ მაშინ, როდესაც ინოვაციური DevOps-დეპარტამენტი იქმნებოდა და მას ჩავუდექი სათავეში. DevOps-ი აი-ტი-პროცესებისა და პროდუქტების შექმნის თანამედროვე მიდგომაა, ჩვენ ვიყავით პიონერები და ბევრი საინტერესო პროექტიც განვახორციელეთ, მათ შორის – ჩემი ხელმძღვანელობით. და მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება ტექნოლოგიური მიმართულებით არ მიმიღია, კურსები, პროექტები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შემდგომში ჩემი ცოდნის წყაროდ იქცნენ.
როგორია HT Solutions-ის სტრატეგიული ფოკუსი, რომელ ტექნოლოგიებსა და სერვისებშია სპეციალიზებული და როგორ შეაფასებდით კომპანიის გრძელვადიან ხედვას?
ბოლო სამი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა ტექნოლოგიებისადმი მოთხოვნაც და ზოგადად ბაზარიც. აი-ტი-პროფესიონალებზე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად და ამიტომ მცირედით შევცვალეთ ფოკუსი და, ტექნოლოგიების გარდა, ჩვენი კლიენტებისთვის სერვისის პროვაიდერებიც გავხდით. ფაქტობრივად, ჩვენი ინჟინრები, სრულ განაკვეთზე, ჩვენი მომხმარებლების ინჟინრებიც არიან, სრულად არიან მათ გუნდში ინტეგრირებულნი და ეს ბევრ კომპანიას ძალიან დიდ კომფორტს უქმნის. ამიტომაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ფოკუსი იქნება ბაზრისთვის კომპეტენტური კადრების მიწოდება, რომლებიც მათ ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება ტექნოლოგიებსა და სერვისშეთავაზებებს, პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ესენია: საბაზისო აი-ტი-ინფრასტრუქტურა და ქსელის მოწყობა, შემდეგ ამ ყველაფრის დაცვა და კიბერუსაფრთხოება, DevOps-ი და ციფრული ტრანსფორმაცია, დიდი ზომის მონაცემების დამუშავება. ამ უკანასკნელზე დაახლოებით ერთი წელია, რაც ვმუშაობთ და ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ენობრივი მოდელის გამოყენებით ვუმარტივებთ კომპანიებს მრავალფეროვანი მონაცემების დამუშავებას, სწორი ინსაიტების დანახვას და ვეხმარებით მათ, რეალურად პერსონალიზებული გამოცდილება შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელს.
თავადაც შეეხეთ ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციას, ასევე ტექნოლოგიური სფეროსთვის დამახასიათებელ სწრაფ ცვალებადობას – ამ მხრივ, როგორ გეგმავთ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ბაზარზე და ახალი ტენდენციების დანერგვას?
მართალია, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა ჩვენი ხელწერაც სწორედ ცვლილებებია და ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა სიახლეებისთვის, მათ შორის ყოველწლიურად, სექტემბერში, ვცდილობთ, ახალი სერვისები შევთავაზოთ ბაზარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხს ვუწყობთ, იმავე ტემპით მივყვებით, რაშიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და მათი გამოცდილების გაზიარებაც გვეხმარება. ჩვენ ვართ პატარა კომპანია, სადაც ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი და დაფასებულია და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების გასაღებიც მსგავს ცვალებად და კონკურენტუნარიან გარემოში.
კომპანიის საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ – რა არისის ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური მიღწევები ან სერვის-შეთავაზებები, რომლებითაც HT Solutions-ში განსაკუთრებით ამაყობთ?
ალბათ, პორტფოლიოს ნაწილში, ეს იყო სწორედ უკვე ნახსენები დიდი ზომის მონაცემების დამუშავება. მიმაჩნია, რომ საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, მნიშვნელოვანი პროექტებით, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი კლიენტების მონაცემების მეცნიერებთან სიღრმისეულად გვიწევს დეტალებზე მუშაობა, რაც საბოლოოდ საინტერესო შედეგებს გვაძლევს. აქვე უნდა გამოვყო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ვუწევთ მონიტორინგს და, სავარაუდოდ, ამ პროექტით ფატალური შემთხვევების პრევენციას შევძლებთ. რადგან, როგორც წესი, ფატალური შემთხვევები დაუკვირვებლობით ხდება, AI კი, ერთგვარი „სიგნალის“ გაცემით, ადამიანის გაფრთხილების საშუალებას მოგვცემს. ეს პროექტი განსაკუთრებით საამაყოა, რადგან უკეთესობისკენ ვცვლით ადამიანების ცხოვრებას ტექნოლოგიების გამოყენებით და მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეგვიძლია.
გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინანსურ სექტორთან: ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ბაზრისთვის ცნობილ თითქმის ყველა კომპანიასთან გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას, ბიზნესპროცესების ციფრული ტრანსფორმაციით, გუნდის წარმადობის გაზრდასა და დავალებების სწორად გადანაწილებაში დავეხმარეთ, რითაც მათ თავიდან აირიდეს თანამშრომელთა გადაწვა, გუნდის შიგნით კომუნიკაციის ხარისხიც გააუმჯობესეს და მოტივაციაც გაზარდეს.
როგორც უკვე ახსენეთ, IT-პროფესიონალებზე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს, რის გამოც მცირედით ფოკუსიც შეიცვალეთ და სერვისის პროვაიდერებიც გახდით. მსგავსი მჭიდრო კონკურენციის პირობებში როგორ ახერხებთ წამყვანი სპეციალისტების დაინტერესებას?
ინტეგრატორი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ძალიან ბევრ კომპანიასთან ურთიერთობა და, ქეისიდან ქეისამდე, მრავალფეროვანი ყოველდღიურობაა. პრაქტიკულად, განსხვავდება ტექნოლოგიები, კლიენტის საჭიროებები, რაც მუდმივად განსხვავებული გამოსავლის ძიებისკენ გვიბიძგებს. ის ფაქტი, რომ ჩვენი ოფიციალური პარტნიორები არიან ისეთი გლობალურად წამყვანი საერთაშორისო გიგანტები, როგორიც გახლავთ AWS-ი, Google, Microsoft-ი, პირდაპირ იწვევს ჩვენთვის სასურველი სპეციალისტების დაინტერესებას. მათ აქვთ წვდომა ჩვენი პარტნიორების შიდა მასალებზე, საუკეთესო თანამშრომლებზე, კონფერენციებზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ, საბოლოო ჯამში, საკმაოდ ხარისხიან გარემოს უზრუნველვყოფთ მათივე განვითარებისთვის.
სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაზეც რომ ვისაუბროთ – რა ძირითად საკითხებზე ფოკუსირდება HT Solutions-ი?
ვინაიდან ჩვენი მისიაა, გავხდეთ ქვეყნის ტექნოლოგიური სახე გლობალურ ბაზარზე, საქართველოში ცვლილებებსაც ხელი უნდა შევუწყოთ. ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატებული და რეალიზებული მომავალი თაობა. დღეს ყველას არა აქვს წვდომა ადრეული ასაკიდანვე ტექნოლოგიებთან, ხარისხიან განათლებასთან, საკმაოდ გვიანდელ ასაკში მოდის ეს ყველაფერი და ხშირად დაგვიანებულიცაა. ახალგაზრდა თაობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც ყოველწლიურად წმინდა მოგების 5%-ს ამ მიმართულებით ვხარჯავთ – მათ შორის არის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაფინანსება, მათი კომპიუტერებით უზრუნველყოფა, ინტერნეტზე წვდომის გაზრდა და ა.შ. შესაბამისად, მომავალ თაობაში მაქსიმალურად ვცდილობთ ინვესტირებას.
ამჟამად ბაზარზე არსებულ ტენდენციებს რომ შევეხოთ – რა გამოწვევებს ხედავთ როგორც გლობალური, ასევე ლოკალური მასშტაბით?
ერთ-ერთი ცალსახა ტენდენცია, რომელიც ბაზარზე შეინიშნება, კომპეტენციების ნაწილს შეეხება. გაზრდილია მოთხოვნა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი თანამშრომლების ჩვენივე მომხმარებელთა გუნდში ინტეგრაციით ვართ დაკავებულნი და მაქსიმალურად, ყოველდღიურად ვეხმარებით მათ.
მეორე ცალსახა ტრენდი კი ჩემთვის, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ქლაუდ-ტრანსფორმაციებს უკავშირდება. თუ გასულ წლებში ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ათვისება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, შემიძლია ვთქვა, რომ წელს ქლაუდ-ტრანსფორმაციები ნამდვილად მიმდინარეობს და ყველა კომპანიისა და ინტერფეისის განუყოფელი ნაწილი ხდება. ეს კი ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზაციისთვის როგორც ფინანსურ, ასევე საოპერაციო ნაწილში. თვალში საცემი ტრენდია, რომელშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული და ვეხმარებით სტარტაპებს, ახლად დაარსებულ კომპანიებს და დიდი ზომის ორგანიზაციებსაც, შეარჩიონ სწორი სტრატეგია და არქიტექტურა ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლისთვის.
საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებს რაც შეეხება, ორ საკითხს გამოვყოფდი. პირველი: კვლავ ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან წვდომის ნაწილი, რომლის გამოსწორებაშიც ჩვენი წვლილის შეტანას ვცდილობთ, ამავდროულად კი ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში უფრო კარგი მდგომარეობა იქნება და, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი ხელს შეუწყობს ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ხოლო მეორე – მარეგულირებელი ფაქტორებია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, რომ ვპროგრესირებთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ძალიან მალე ლიბერალური სიტუაციაც შეიქმნება.
დაბოლოს, Change Inspire-ის კონფერენციაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად კმაყოფილი ხართ ღონისძიებით და როგორ შეაფასებდით მის შედეგებს?
შემიძლია ვთქვა, რომ კონფერენციის შედეგებმა როგორც ჩვენს, ასევე აუდიტორიის მოლოდინს გადააჭარბა. მასშტაბური ღონისძიება გამოვიდა და განსაკუთრებული კმაყოფილება დაიმსახურა ნეტვორკინგის მხრივ, რადგან მოვახერხეთ და ჩვენს სფეროში მოღვაწე დილერების დიდი ნაწილი ერთ გარემოში გავაერთიანეთ. ასევე, ჩემთვის ამ კუთხითაც უმნიშვნელოვანესი იყო ცოდნის გაზიარება. მიმაჩნია, რომ ყველა დასახული მიზანი შეძლებისდაგვარად წარმატებით განვახორციელეთ, კონფერენცია დატვირთული იყო სიახლეებით და ინფორმაციით, მას საინტერესო სპიკერები უძღვებოდნენ. მათ შორის უნდა გამოვყოთ სპიკერები უკრაინის „პრივატბანკიდან“ და Amazon-იდან, რომელთაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ღრუბლოვანი ტრანსფორმაცია განახორციელეს და ზუსტად თვე-ნახევარში შეძლეს ყველაზე დიდი ბანკის ქლაუდში გადაყვანა. და ასევე, მოწვეული გვყავდა სპიკერები „აზერტელეკომიდან“ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემებიდან, რომელთაც სწორედ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესახებ ისაუბრეს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გამოვიდა და მომავალი წლისთვისაც უკვე აქტიურად დავიწყეთ მზადება.