სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ამ მონაცემმა 505.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალის მაჩვენებელს 29.9%-ით აჭარბებს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია. საქსტატის ინფორმაციით, რეინვესტიციამ 422.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მისი წილი კი 83.5%-ით განისაზღვრა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ სამეულში გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ნიდერლანდები გვხვდება. აღსანიშნავია, რომ პირველ მათგანს, $168.3 მილიონით, მთლიან ინვესტიციებში 33.3%-იანი წილი უჭირავს. თურქეთის წილი – 14%-ს, ხოლო ნიდერლანდების – 12.4%-ს შეადგენს.
საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა 2023 წლის II კვარტალში:
გაერთიანებული სამეფო – $168.3 მილიონი
თურქეთი – $71 მილიონი
ნიდერლანდები – $62.7 მილიონი
ჩეხეთი – $55.6 მილიონი
მალტა – $36.7 მილიონი
რუსეთი – $28.1 მილიონი
აშშ – $15.5 მილიონი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $11.7 მილიონი
იაპონია – $10.5 მილიონი
აზერბაიჯანი – $9.1 მილიონი
სხვა ქვეყნები – $36.5 მილიონი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6%-ია. ამ მხრივ, მეორე ადგილს ენერგეტიკის სექტორი იკავებს – 137.2 მილიონი აშშ დოლარით (27.1%), მესამეზე ადგილზე კი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი იმყოფება 35.6 მილიონი აშშ დოლარით (7%).