ფოტო: Chip Somodevilla / Pool / AFP
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მისი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Grok-ი ჰომეროსის „ოდისეის“ სრულმეტრაჟიან, „ისტორიულად ზუსტ“ ეკრანიზაციას შექმნის. მასკმა აღნიშნული განცხადება X-ზე გაავრცელა და კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ილონ მასკი ასევე დაეთანხმა X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის იდეას, რომლის მიხედვითაც მან რეჟისორი მელ გიბსონი „ოდისეის“ ალტერნატიული ეკრანიზაციის გადასაღებად 100 მილიონი დოლარით უნდა დააფინანსოს. აღნიშნულ პოსტზე მასკმა მოკლედ უპასუხა: „თანახმა ვარ“.
იდეის ავტორის თქმით, ფილმში დიალოგები პირდაპირ ჰომეროსის ორიგინალი ტექსტიდან უნდა იყოს აღებული და ჰომეროსისეულ ბერძნულ ენაზე შესრულდეს, ხოლო მსახიობები, გემები, აბჯარი და იარაღი ისე უნდა შეირჩეს, რომ ისტორიულ რეალობას მაქსიმალურად შეესაბამებოდეს.
ბოლო დღეებში მასკი კრისტოფერ ნოლანის „ოდისეის“ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კრიტიკოსად გვევლინება. მან რეჟისორი მრავალფეროვანი მსახიობების შერჩევის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. განსაკუთრებით გააპროტესტა შავკანიანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს, ტროელი ელენეს როლზე დამტკიცება და ტრანსგენდერი მსახიობის, ელიოტ პეიჯის, ფილმში მონაწილეობა.
მასკმა ნოლანი ჰომეროსის „შებღალვაშიც“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რეჟისორმა ეს მსახიობები „ოსკარის მოსაპოვებლად“ შეარჩია. გარდა ამისა, მან გააზიარა პოსტებიც, რომლებშიც ნოლანს ბერძნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებდნენ. ზოგიერთი ამ პოსტიდან მცდარ ინფორმაციასაც შეიცავდა, მათ შორის ელიოტ პეიჯის როლისა და კინოაკადემიის მრავალფეროვნების სტანდარტების შესახებ.
მიუხედავად კრიტიკისა, „ოდისეა“ მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსების მხრიდან დადებით შეფასებებს იღებს. ფილმს Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსებისგან 94%-იანი, ხოლო მაყურებლებისგან 97%-იანი შეფასება აქვს. მსოფლიო კინოგაქირავებაში კი პრემიერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ფილმმა 282 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც მის $250-მილიონიან ბიუჯეტს უკვე აღემატება.
ამ დროისთვის, Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება 791.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივნისში ის ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა, თუმცა SpaceX-ის აქციების ღირებულების კლებამ მისი ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა. ცნობისთვის, მასკი SpaceX-ის 38%-სა და Tesla-ს დაახლოებით 11%-ს ფლობს.












