საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ავტომობილების სტატისტიკის ახალი ინტერაქტიური პორტალი წარადგინა. პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: ავტომობილები, საწვავი, საავტომობილო გზები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მართვის მოწმობები.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის მიერ პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, პორტალი მოქალაქეებისთვის ერთ სივრცეში საქსტატში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი ინტერაქტიური გრაფიკები და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტები კი მომხმარებელს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის შესახებ ანალიზის გაკეთების საშუალებას აძლევს.
პორტალის პირველი მოდულის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის ბოლოსთვის, 1,563,165 ავტომობილი რეგისტრირდებოდა – შესაბამისად, 1,000 კაცზე 418 ავტომობილი. 2023 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით კი იგივე მაჩვენებელი 1,647,629 ავტომობილამდე გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტმა 177,813, ხოლო ექსპორტმა – 84,053 შეადგინა.
2023 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილების მიხედვით რეგიონებში პირველ ადგილს დედაქალაქი თბილისი იკავებს – 619,006 ავტომობილით, შემდეგ ადგილზე მოდის იმერეთი – 213, 959 და ქვემო ქართლი – 165,152. ხუთეულს კი კახეთი და აჭარა ასრულებს, შესაბამისად, რეგისტრირებული 148,851 და 134,642 ავტომობილით.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარკების მიხედვით საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის წლებია, ლიდერობას არ თმობს Mercedes-Benz-ი, რომელთა რაოდენობაც ქვეყანაში 2017 წლის 168,821 მოდელიდან, ბოლო მონაცემებით 207,536-მდეა გაზრდილი. ამჟამად მეორე ადგილზე Toyota-ა წარმოდგენილი – ქვეყანაში რეგისტრირებული 172,741 მოდელით, ხოლო ხუთეულს Ford-ი (155,337), VAZ-ი (154,096), Opel-ი (144,596) ასრულებენ.
საწვავის ტიპის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი – 41.1% ბენზინზე მომუშავე ავტომობილი რეგისტრირდება, შემდეგ მოდის დიზელი – 19.6%-ით და ბენზინ-აირი – 9.8%-ით. ძარის ტიპის მიხედვით, 552,609 მოდელით ლიდერი სედანია, მეორე ადგილზეა ჰეტჩბეკი – 311,487 და მაღალი გამავლობის – 249,705. რაც შეეხება ფერებს, ამ მხრივ ქვეყანაში უპირატესობას ძირითადად რუხ, თეთრ და შავ ავტომობილებს ანიჭებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 83%-ზე მეტი 10 წელზე მეტის ასაკისაა, ხოლო 5 წლამდე ასაკის ქვეყანაში მხოლოდ 70,661 ავტომობილია – მთლიანი რაოდენობის 5%-ზე ნაკლები.
მოდელების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
- FORD TRANSIT – 49,177 ავტომობილი
- TOYOTA PRIUS – 45,637 ავტომობილი
- OPEL ASTRA – 37,128 ავტომობილი
- VAZ 21063 – 23,105 ავტომობილი
- HONDA FIT – 22,861 ავტომობილი
- MERCEDES-BENZ C180 – 18,469 ავტომობილი
- OPEL VECTRA – 17,167 ავტომობილი
- TOYOTA CAMRY – 16,414 ავტომობილი
- VAZ 2106 – 15,562 ავტომობილი
- TOYOTA RAV4 – 15,072 ავტომობილი
რაც შეეხება პორტალის სხვა მოდელებს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 1,421,804 მართვის მოწმობაა გაცემული – პირველადი რეგისტრაციით – 30,515. სქესის მიხედვით ავტომფლობელთა გადანაწილება შემდეგია: 1,039,392 – კაცი, 382,412 – ქალი.
საქსტატის კიდევ ერთი მოდული კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს აღრიცხავს. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო 48,900 შემთხვევა ფიქსირდება. დაშავებულთა რაოდენობამ 7,517-ს, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ – 430-ს მიაღწია.