სარა მუნი - ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოხელოვანი

სარა მუნი - ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოხელოვანი

რეკლამა რომ ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ამ ფაქტზე არავინ დავობს, რეკლამის ქმედითობას კი მნიშვნელოვანწილად მისი ვიზუალური აღქმა განაპირობებს და თუ ადრე სარეკლამო პროდუქცია ძირითადად გრაფიკის მეშვეობით იქმნებოდა, ფოტოგრაფიის გაჩენამ სულ მალე რადიკალურად შეცვალა კურსიც და რაკურსიც. მე-20 საუკუნის ოციან წლებში კი ფოტოგრაფიის ახალი მიმართულება – ფეშნ-ფოტოგრაფია მძლავრად იკიდებს ფეხს და, რასაკვირველია, დღემდე არ თმობს პოზიციებს.

ფეშნ-ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პატრიარქის, 1897 წელს დაბადებული ერვინ ბლუმენფელდის შემდეგ მოდის რეკლამის სამყაროს არაერთი გამორჩეული ხელოვანი მოევლინა, მაგრამ Forbes Woman-ი, ცხადია, ამ გვერდს ქალ ფოტოგრაფს, ფრანგ სარა მუნს უთმობს, რომლის შემოქმედების გაცნობის საშუალება ქართველ საზოგადოებას უკვე ჰქონდა თბილისში ახლახან გამართულ გამოფენაზე.

მიუხედავად იმისა, თუ სწორედ იმის დამსახურებით, რომ სარა მუნი მუშაობისას უახლეს ფოტოტექნიკასა და ოპტიკას იყენებს, ის სასურველ სიძველის ეფექტს აღწევს. მისი დაბინდული, თითქოს კამერის გაუმართაობისა თუ სხვა მიზეზით არაფოკუსირებული გამოსახულებები ქმნიან იმ ნახევრად მისტიკურ, მოუხელთებელ სამყაროს, რომელსაც მხოლოდ ძველ ფოტოფირებსა და ფოტოგრაფიებზე თუ ნახავთ და რომელიც ასე გამოარჩევს სარა მუნის შემოქმედებას სხვა, მისი პერიოდისა თუ ადრინდელი ფეშნ-ფოტოგრაფების კაშკაშა, სარეკლამო პლაკატებისთვის დამახასიათებელი და ხშირად დამკვეთის მიერ აუცილებელად მოთხოვნილი სტილისგან. სარა მუნი პირველი ფოტოგრაფი ქალი იყო, რომელსაც 1972 წელს პარიზში Pirelli-ს კალენდრის გადაღება შესთავაზეს და არც შეცდნენ: სარა მუნმა ფოტოკამერით იმპრესიონისტული ტილოები შექმნა. სწორედ სამყაროს გამორჩეული ხედვის განვრცობის სურვილმა განაპირობა სარა მუნის შემოქმედებაში ახალი ტალღის გაჩენა – ხელოვანი მხატვრულ, ძირითადად შავ-თეთრ ფოტოგრაფიაზე გადაერთო, შემდეგ მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა გაიტაცა, 1990 წელს გადაღებული მისი პირველი მხატვრული ფილმი “მისისიპი 1” კი იაპონიაში საკულტო ფილმად იქცა.

[QUOTE]

„არასდროს არ ვცდილობ, ჩემი ფოტომოდელები ლამაზად წარმოვაჩინო – ისინი ისედაც ლამაზები არიან. ჩემი საქმე შუქ-ჩრდილზე მუშაობაა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *