ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ გაკოტრებულ კრიპტობანკ Celsius-ს კლიენტებისთვის 44 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების დაბრუნება დაავალა.
მოსამართლე მარტინ გლენის განმარტებით, Celsius-ის პლატფორმაზე ორგვარი სერვისი იყო ხელმისაწვდომი: საპროცენტო სარგებლის მქონე დეპოზიტები და უპროცენტო დეპოზიტები, ე.წ. კასტოდიური სერვისი.
მოსამართლის განცხადებით, საპროცენტო სარგებლის მქონე დეპოზიტები შეიცავდა მაღალ რისკს და ამის შესახებ კლიენტები შესაბამის გაფრთხილებას წინასწარაც იღებდნენ. თუმცა კასტოდიური სერვისის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავის თავზე სრულად კომპანია იღებდა. შესაბამისად, Celsius-ის გაკოტრებამ ზარალი ისეთ მომხმარებლებსაც მიაყენა, რომლებიც კომპანიის ურისკო სერვისს იყენებდნენ.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ Celsius-ის საპროცენტო, ანუ მაღალრისკიან პლატფორმას 58,000 მომხმარებელი იყენებდა, მათი აქტივების მოცულობა კი 210 მილიონ დოლარს აჭარბებდა. გარდა ამისა, Celsius-ს 15,000 კლიენტიც ჰყავდა, რომლებიც კასტოდიურ სერვისს იყენებდნენ და პლატფორმაზე 44 მილიონი დოლარის აქტივებს ინახავდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ აქტივებს მიემართება.
გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადებამდე Clesius-ი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა. ის დეპოზიტების სანაცვლოდ საპროცენტო სარგებელს გასცემდა, მსურველებს კი კრიპტოვალუტებით დაზღვეულ სესხს სთავაზობდა.
Celsius-ის კოლაფსი კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის გაკოტრებასთანაა დაკავშირებული, რამაც Celsius-ი დეფოლტამდე და შემდეგ უკვე გაკოტრებამდე მიიყვანა.
მართალია, კომპანია ამჟამად აღარ ოპერირებს, თუმცა ამერიკის სასამართლოში სწორედ Celsius-ის რესტრუქტურიზაციის და საქმიანობის განახლების საკითხი განიხილება, რათა კომპანიამ ფუნქციონირება განაგრძოს და ვალდებულებების გასტუმრება შეძლოს.