სატელევიზიო ბრენდი 25-წლიანი ისტორიით

სატელევიზიო ბრენდი 25-წლიანი ისტორიით

„კურიერი P.S.”-ის ისტორია დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო და გადაცემა ქართული სატელევიზიო სივრცის ბრენდად მალევე ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა გადაცემის ძირითადი არსი. სექტემბრიდან განახლებულ P.S.-ს ათწლიანი სატელევიზიო გამოცდილების მქონე სანდრო კაჭახიძე და ავთო გვასალია უძღვებიან. მათთან Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა.

როგორია თქვენი ხელწერა ამ გადაცემაში?

სანდრო კაჭახიძე: განახლებული P.S.-ის გაშვებას წინ ჩემი და ავთოს ერთობლივი სპეციალური ეთერი უძღოდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ყოველდღიურად დავიწყეთ, სექტემბრიდან კი ეთერი „კურიერი P.S.”-ის ბრენდის ქვეშ განვაახლეთ. დღესაც ჩვენი გადაცემის ძირითადი კომპონენტი უკრაინაში მიმდინარე ომის თემატიკაა, ვინაიდან ომი, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება და ჩვენს მაყურებელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღება სურს. მაყურებელი იმდენად შეეჩვია ჩვენგან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციის მიღებას, რომ ქუჩაშიც კი ხშირად გვეკითხებიან, როდის დასრულდება ომი.

განახლებულ P.S.-ს, ომის გარდა, სხვა მრავალფეროვანი თემებიც დავამატეთ. ჩვენ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან მოვლენებს ვფარავთ, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სპორტული თემები. შედეგად მაყურებელს სიახლეებს თითქმის ყველა სეგმენტში ვთავაზობთ. ამასთან, ვცდილობთ, გამოვირჩეოდეთ სიმარტივით, უშუალობით და ამბის მაყურებლის ენაზე თხრობით. ჩვენ მათ არა მხოლოდ კონკრეტულ სიახლეს ვუყვებით, არამედ ამ სიახლესთან დაკავშირებულ უფრო მეტ ამბავს, უფრო მეტად ჩავდივართ სიღრმეში, ვიდრე ჩვეულებრივი ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემები.

პირველი „კურიერი P.S.“ დღევანდელს რომ შევადაროთ, რა საერთოს ხედავთ და რა განსხვავებას?

სანდრო კაჭახიძე: დრო იცვლება, თუმცა გადაცემის მთავარი იდეა და საფუძველი შენარჩუნებულია. ეს არის „რუსთავი 2“-ის ბრენდული გადაცემა და ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. მაშინაც და ახლაც ამ გადაცემაში ვაჯამებთ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს. განსხვავებებიც არის. თუნდაც ის, რომ ამ გადაცემას ყოველთვის ერთი წამყვანი ჰყავდა, ახლა კი ორს მიგვყავს. განსხვავებულია თუნდაც გრაფიკული სიახლეები და ქვეყანაში არსებული რეალობა, რაც განსხვავებული თემების გაშუქების საჭიროებას ქმნის.

ვირტუალური სტუდია სიახლეა. გაამართლა?

სანდრო კაჭახიძე: ეს სიახლე სექტემბრამდე გამოვცადეთ. ერთ-ერთი თემის გაშუქებისას, ჩვენი არხის ხელმძღვანელმა, ვაკო ავალიანმა გრაფიკოსების დახმარებით, ჩვენს სტუდიაში შავი ზღვა, სამხედრო გემი და ავიაცია გააჩინა, რაც დიდი სიახლე და საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენი მაყურებლისთვისაც. მას შემდეგ ვცდილობთ, რომ ეს ტექნიკა და ვირტუალური ვიზუალიზაცია ამა თუ იმ ამბის მოყოლისას გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელია.

ავთო, თქვენ „კურიერი P.S.“-მდეც გქონდათ წამყვანობის გამოცდილება. რით არის 25-წლიანი ისტორიის მქონე გადაცემის წაყვანა განსხვავებული?

ავთო გვასალია: „კურიერი P.S“ ჩემზე ერთი წლით დიდია. ბავშვობიდან მახსოვს ეს გადაცემა ტელეეკრანზე. ის ჩემთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა, ვინაიდან ყოველი გადაცემა რაღაც ახალს მთავაზობდა. შესაბამისად, როდესაც გადაცემასთან ერთად გავიზარდე და აღმოჩნდა, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი მისი წამყვანი, გულწრფელად ვამბობ, ეს უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო. ეს გადაცემა იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ არასოდეს გაძლევს მოდუნების საშუალებას. მუდმივად უნდა ფიქრობდე, რომ ის თამასა, რაც წლების წინ ამ გადაცემამ შექმნა, არ დაეცეს.

რვათვიანი შედეგებიდან გამომდინარე, მიაღწიეთ იმას, რაც დასაწყისში გქონდათ ჩაფიქრებული?

ავთო გვასალია: სატელევიზიო სივრცეში წარმატების მთავარი მთვლელი რეიტინგია. ჩვენი მიზანიც ეს იყო: მაღალი რეიტინგი და იმ ნდობისა და ხარისხის შენარჩუნება, რაც ამ გადაცემას დაარსების დღიდან აქვს. ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ. რეიტინგებშიც ერთ-ერთი მოწინავეები ვართ და ვფიქრობ, „კურიერი P.S.“-ის იმიჯსაც ამაყად ვინარჩუნებთ. სოციალურ ქსელებში ჩვენს პროდუქტებზე გამოხმაურებაც ამაზე მეტყველებს.

რა სტრატეგია გაქვთ მაყურებლის ნდობის მოსაპოვებლად?

სანდრო კაჭახიძე: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მაყურებელს ფაქტებით გამყარებული სიმართლე უნდა მოუყვე. . მაყურებელი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორად ირჩევს, ვის უნდა უყუროს. მაყურებლის გამოცდილება კი საბოლოოდ იწვევს ნდობას. ჩვენი გადაცემა მუდმივად ცდილობს, რომ საზოგადოების პულსზე ჰქონდეს ხელი და ირგვლივ რა პრობლემებიც არსებობს, ის იყოს პრიორიტეტი გადაცემაშიც. ეს მიდგომაც იწვევს ნდობას, ვინაიდან მაყურებელი ფიქრობს, რომ შენი გადაცემა მის სატკივართან ახლოსაა.

„კურიერი P.S.”-ის საეთერო დროს სხვა ტელევიზიების მსგავსი ტიპის შემაჯამებელი გადაცემები ემთხვევა. რატომ უნდა გადმორთოს მაყურებელმა თქვენთან?

ავთო გვასალია: ჩვენ მაყურებელს ვუყვებით სიმართლეს.

თუმცა ეს შესაძლოა, სხვა გადაცემების ავტორებმაც თქვან..

ავთო გვასალია: ჩვენ ამას ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. ნდობა, რაც ამ გადაცემას 25 წლის განმავლობაში ჰქონდა, არ დაუკარგავს. სწორედ ამ დამსახურების გამო მაყურებელი ყოველ კვირას, 21:00 საათზე კვლავ ჩვენს არხზე გადმორთავს.

რაც შეეხება გეგმებს, აპირებთ სიახლეებს? რის შეცვლა გინდათ?

ავთო გვასალია: გვინდა, რომ რეიტინგში მუდმივად პირველი ადგილი გვეკავოს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რეგიონების თემებთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები. ვაპირებთ, ჩვენ თავად, წამყვანებიც ჩავიდეთ რეგიონებში და ეთერში იქაური მოსახლეობის ხმა გავაჟღეროთ. გვინდა, რომ მაყურებელი მხოლოდ სტუდიაში არ გვხედავდეს, ეს ნდობას კიდევ უფრო გაზრდის.

S