აზარტული თამაშების ბაზარი ყოველთვის გამოირჩეოდა სირთულითა და კონკურენტულობით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია 2002 წელს ბულგარეთში დაარსებული Euro Games Technology-სთვის, სულ მალევე დამკვიდრებულიყო ინდუსტრიის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ.
სლოტების აპარატების, ელექტრონული რულეტების, ონლაინ-მობილური თამაშების, სერვერზე დაფუძნებული სათამაშო სისტემებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ თავიდანვე მასშტაბური გეგმები დაისახა და გეზი საერთაშორისო განვითარებისკენ აიღო. თუმცა ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად პროდუქტთა დიდი ასორტიმენტი და მომარაგების ფართო ქსელი საკმარისი როდია: Euro Games Technology გამორჩეული უნდა ყოფილიყო ახალი იდეებითა და განსაკუთრებული სერვისით. მიუხედავად ლეგალური და საბაზრო ბარიერებისა, კომპანიის საერთაშორისო გუნდმა ამ ამოცანას მშვენივრად გაართვა თავი. სადღეისოდ მისი პროდუქტები 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი – ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.
2007 წელს Euro Games Technology საქართველოშიც შემოვიდა და ამ დროისთვის იგი ქვეყანაში აზარტულ თამაშთა აპარატების პირველი და ერთადერთი მწარმოებელია. დღეს კომპანია საქართველოში წარმოდგენილ აბსოლუტურად ყველა სამორინეს ამარაგებს თავისი პროდუქტებითა და სერვისით. EGT Georgia-მ ქვეყანაში ამ ბაზრის მეოთხედის “მოგება” მოახერხა, თუმცა მოგეხსენებათ, ნამდვილ მოთამაშეებს ყოველთვის უფრო მაღალი ფსონის მოხსნაზე უჭირავთ თვალი.
კომპანიის წარმატებული თამაში ქართულ ბაზარზე EGT Georgia-ს დირექტორს, რადოსტინა ვალჩევას აბარია. ჩვენ მას კომპანიის ადგილობრივ თუ გლობალურ გეგმებზე და ინდუსტრიის უახლეს ტრენდებზე ვესაუბრეთ.
დასაწყისისთვის, გთხოვთ ორიოდე სიტყვით მოგვითხროთ Euro Game Technology-ის შესახებ. რა ძირითად პროდუქტებს სთავაზობს თქვენი კომპანია კლიენტებს?
Euro Games Technology-ის სპეციალიზაცია გახლავთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა, განვითარება და წარმოება. აგრეთვე მათი განთავსება საერთაშორისო ბაზარზე, დისტრიბუცია და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა. 2002 წელს დაარსების შემდეგ, იგი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ამჟამად ჩვენს ოფისებსა და დისტრიბუტორებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში შეხვდებით. კომპანიის ცენტრალური ადმინისტრაციული და საწარმოო ოფისი ბულგარეთის დედაქალაქშია განთავსებული, 12 ათას კვ.-მეტრიან შენობაში და ჩვენი გუნდი 670-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის.
კომპანიის ძირითად პროდუქტებს სამი განყოფილება ემსახურება – ვიდეოსლოტების, მულტიპლეიერისა და ინტერაქტიური დეპარტამენტები. ვიდეოსლოტების დეპარტამენტი ავითარებს სათამაშო მექანიზმებს (სლოტების აპარატებს, ე.წ. “Mystery” და პროგრესული ჯეკპოტის სისტემებს, დამატებით აქსესუარებს), აგრეთვე სხვადასხვა სახეობის თამაშების ვრცელ წყებას;
მულტიპლეიერის დეპარტამენტი ფარავს ცოცხალ, ავტომატურ და ვირტუალურ რულეტებთან დაკავშირებულ პროდუქტთა მთელ დიაპაზონს (რულეტის სენსორული მაგიდების ჩათვლით), ნახევრად ელექტრონულ ბლეკჯეკის მაგიდებს და მულტიპლეიერის მრავალფეროვან ტერმინალებს;
ხოლო ინტერაქტიური დეპარტამენტი მთლიანად ონლაინ- და მობილურ ბაზარს ემსახურება.
ამ დეპარტამენტთა ტექნოლოგიური მიღწევები ყოველწლიურად წარდგება აზარტულ თამაშთა ინდუსტრიის ისეთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებზე, როგორიცაა ICE London-ი, G2E Las Vegas-ი, Entertainment Arena Romania, SAGSE Argentina, SAGSE Panama, BEGE Expo და სხვა.
Euro Games Technology სათამაშო სტანდარტთა ასოციაციის (GSA), სათამაშო აღჭურვილობის მწარმოებელთა ასოციაციისა (AGEM) და ბულგარეთის სავაჭრო და მრეწველობის პალატის (BCCI) წევრია.
რამდენ ქვეყანაში ოპერირებს EGT-ის პროდუქცია და რა ტიპის აპარატების მიმართაა ყველაზე მაღალი საერთაშორისო ინტერესი?
EGT-ის აპარატები 70 იურისდიქციაშია წარმოდგენილი – ევროპის, აზიის, აფრიკის და ცენტრალური, ლათინური თუ ჩრდილოეთ ამერიკის 70 ქვეყანაში. წელს ახალი ბაზრების ათვისებაზე ვიზრუნებთ ყველა იმ კონტინენტზე, სადაც ფეხი მოვიკიდეთ. ჩვენი პროდუქცია ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს, რომლებიც სხვადასხვა მარეგულირებელი სააგენტოსგან და სატესტო ლაბორატორიებისგან მოვიპოვეთ, როგორიცაა GLI-ი, BMM-ი, SIQ-ი. აპარატების მექანიზმისა და დიზაინის ხარისხი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ამას გაყიდვისშემდგომი მომსახურების კომპონენტიც ემატება. კლიენტები ყოველთვის მოუთმენლად ელიან აპარატების ახალ გამოშვებებს.
ჩვენი გლობალური ბესტსელერია ვიდეოსლოტების აპარატი Premier P-24/24 Up-ი. იგი სხვადასხვა თამაშს აერთიანებს. აგრეთვე პოპულარულია პროგრესული ჯეკპოტის სისტემა Egypt Quest-ი და STORK-ის ტერმინალი, რომელსაც რამდენიმე განსხვავებული კონფიგურაციით გვიკვეთენ – ცოცხალი, ავტომატური და ვირტუალური რულეტის ბორბლებით. EGT-ის ინტერაქტიური თამაშებიც მყარადაა წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით.
როდის შემოვიდა თქვენი კომპანია საქართველოში და რა ნაბიჯები გადადგით თავდაპირველად?
ჩვენი ადგილობრივი ოფისი 2007 წელს დაარსდა. აზარტულ თამაშთა აპარატების ერთადერთი მწარმოებელი ვართ, რომელსაც საქართველოში თავისი ფილიალი აქვს. სულ რამდენიმე წელიწადში დავამყარეთ საიმედო ურთიერთობა კაზინოების ოპერატორებთან ქვეყანაში. გაყიდვების შედეგების მუდმივად გაუმჯობესების პარალელურად, განვავითარეთ ტექნიკური დახმარების სერვისიც და ჩამოვაყალიბეთ ერთადერთი სერვისცენტრი საქართველოში ყველა სახის სათამაშო აღჭურვილობისთვის. გვაქვს 24-საათიანი ცხელი ხაზი და კლიენტის პრობლემებს მყისიერად ვუმკლავდებით – მაქსიმუმ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში (ეს ტექნიკური საკითხის სირთულეზეა დამოკიდებული). სერვისის სპეციალისტების უმაღლეს კვალიფიკაციას უმაღლესი სტანდარტის სატრენინგო პროგრამებით უზრუნველვყოფთ.
რა ადგილს იკავებს EGT Georgia საქართველოს სათამაშო ინდუსტრიის ბაზარზე და როგორ გამოიყურება კომპანიის სამომავლო გეგმები?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლოკალური წარმომადგენლობა პატარაა EGT-ის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ოფისთან შედარებით, საქართველოში უკვე მოვიპოვეთ ლიდერის პოზიცია და ბაზრის 25%-იანი წილი. ვმუშაობთ ქვეყნის 35-ვე კაზინოსთან, რომელთაც ვამარაგებთ როგორც ფიზიკური, ისე ინტერაქტიური სათამაშო მექანიზმებით. ჩვენი გაყიდვისა თუ გაქირავების სერვისი თანაბრად პოპულარულია.
რაც შეეხება კონკრეტულად აპარატებს, კლიენტები ამჯობინებენ Vega Vision+ სერიის სლოტის აპარატებს, აგრეთვე ზემოთ ხსენებულ P-24/24 Up-ს პრემიალური სერიიდან, Vega R8-ის ავტომატურ რულეტსა და ონლაინთამაშებს. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ პოპულარული პროდუქტების ხარჯზე – მალე გვსურს წარმოგიდგინოთ უახლესი პროდუქტები, რომლებსაც კვლავინდებურად უმაღლესი ხარისხის სერვისი გაუმაგრებს ზურგს.
რა გიწყობთ ხელს ბაზარზე პოზიციების გამყარებაში? რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ამ სივრცეში?
ჩვენი სფერო ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი კონკურენციითა და დინამიკურობით. EGT-სთვის კონკურენცია არა ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბისაა. უპირატესობის გასანაღდებლად ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ – მათ შორის არის ჩვენი სადისტრიბუციო ქსელისა და ბაზრის მოცვის გაფართოება, აგრეთვე პროდუქტთა მრავალფეროვანი პორტფოლიოს მუდმივი განახლება.
ჩვენი სიძლიერე შედეგებზე ორიენტირებული და რესურსების სიუხვით გამორჩეული განვითარების დეპარტამენტიდან იღებს სათავეს. მის სპეციალისტებთან კონკურირება ძნელია, რადგან ისინი ძალიან სწრაფ ტემპში ქმნიან ახალ პროექტებს და წარადგენენ საკუთარ მიღწევებს საერთაშორისო გამოფენებზე. ტექნიკური დახმარების სისტემაც მსგავსად – მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული, რათა საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ.
როგორ დაახასიათებდით საქართველოს საკანონმდებლო გარემოს – შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არ არის მიმზიდველი აზარტული თამაშების ინდუსტრიის კომპანიებისთვის?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც დიდი გავლენა იქონია კაზინოს ადგილობრივი ოპერატორების ბიზნესსაქმიანობაზე და, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ბაზრიდანაც კი გაიყვანა, სალიცენზიო და სხვა გადასახადების მატება იყო. დღეს საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სათამაშო ბიზნესი ყველაზე მეტად იბეგრება. ბუნებრივია, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეფექტიანი ფისკალური ჩარჩოს შექმნა არასოდეს ყოფილა მარტივი ამოცანა. ეს იმიტომ ხდება, რომ კანონმდებლობამ ორი ურთიერთსაპირისპირო როლი უნდა შეასრულოს: ერთი მხრივ, წაახალისოს აზარტული თამაშების ბიზნესი, მეორე მხრივ კი შეეცადოს, არ წააქეზოს ადამიანები, რომ ითამაშონ.
თუმცა ფისკალური ინსტრუმენტების გარდა, საერთაშორისო პრაქტიკაში არის გზები, თუ როგორ დაიცვას სახელმწიფომ ბალანსი ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროების წარმოქმნასა და სოციალურ მზრუნველობას შორის. ერთ-ერთი გზა სერტიფიცირების პოლიტიკის შემოღებაა. ამაში იგულისხმება აზარტული თამაშების აღჭურვილობის დამოუკიდებელი შემოწმება, გამოცდა და შეფასება, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი სტანდარტებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა და მათთვის ონლაინკაზინოებთან წვდომის შეზღუდვა, რაც აგრეთვე მზარდი პრობლემაა საქართველოში.
ჩვენი კომპანია მხარს დაუჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სათამაშო ინდუსტრიის სოციალურად პასუხისმგებლიან, მაგრამ ამავდროულად, მეტად ეფექტიან რეგულირებაზე.
როგორც უკვე აღნიშნეთ, კომპანია რეგულარულად მონაწილეობს სფეროს უმთავრეს გამოფენებში. წელს ICE 2015-ის გამოფენაზე უდიდესი პავილიონით, 150-ზე მეტი აპარატით იყავით წარმოდგენილი. რა სიახლეები გააცანით საზოგადოებას?
ICE 2015 დასამახსოვრებელი შოუ იყო. საკუთარ პავილიონში Euro Games Techology-მ პრემიერების რეკორდი მოხსნა. კლიენტების მხრიდან ძალიან დაფასდა სიმბოლოების პრინციპით მომუშავე ჯეკპოტის სისტემა “4 Happy Hits”-ი. ეს ბრწყინვალე პროდუქტია. აგრეთვე დიდი მოწონება დაიმსახურა პრემიალური სახეობის აპარატებმა – P-32V Up- მა, P-24/24 Slant top-მა, P-24/32H Slant top-მა – ახლახან შემუშავებულ ბევრთამაშიან მიქსებთან – Red Collection-სა და Premier Multi-6-თან ერთად.
ბევრი ვიზიტორი მოიხიბლა სადებიუტე, Luxury-სერიის ცოცხალი სენსორული და ავტომატური რულეტის მაგიდებით. მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი პროდუქტი აქამდე საერთოდ არ უნახავთ და მოუთმენლად ელიან, როდის განათავსებენ საკუთარი კაზინოს დარბაზებში.
დამთვალიერებლები მიიზიდა ინტერაქტიურმა კუთხემაც, სადაც 20 ახალი დასახელების თამაში წარმოვადგინეთ, რომლებიც იდეალურად ერგება სხვადასხვა მობილურ აპარატს.
მოგვითხრეთ სერვერზე დაფუძნებული სისტემების შესახებაც, როგორიცაა EGT-ის გლობალური გადაწყვეტილების სისტემა და სერვერს მიბმული თამაშები.
EGT Multigame Server System-ი არის პირდაპირი წვდომის ტექნოლოგია კაზინოს ოპერატორებისთვის, რათა მათ ჩვენი საუკეთესო ონლაინკაზინო პროდუქტები გამოიყენონ. კაზინოს ოპერატორები სისტემაში ინტეგრირდებიან სპეციალური აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის საშუალებით. მათ საშუალება ეძლევათ, ჰქონდეთ წვდომა ჩვენს ონლაინპორტფოლიოსთან, რომელიც 50-ზე მეტ თამაშს მოიცავს – ვიდეოსლოტებს, პოკერებს, რულეტებს, კენოს. ეს თამაშები საინტერესოა გასართობი ფორმატითაც, ფულადი ფსონების გარეშე.
უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ამ სისტემას ჩვენი აპარატების ყველაზე პოპულარული თამაშები ინტერნეტში გადმოაქვს და ხელმისაწვდომს ხდის მათ ყველანაირი მობილური მოწყობილობისთვის.
უკვე მესამედ ახსენეთ მობილური მოწყობილობები. შესამჩნევია, რა სწრაფად ადაპტირდება აზარტული თამაშების ბიზნესი კომპიუტერული და მობილური აპლიკაციების ბუმთან. თქვენ რა შესაძლებლობებს სთავაზობთ კლიენტებს ინტერაქტიურობის მიმართულებით?
EGT Mobile-ი კლიენტებს ჩვენი საუკეთესო ვიდეოსლოტთამაშებით და სხვა დამატებითი პროდუქტებით უზრუნველყოფს. თამაშებზე წვდომა შესაძლებელია ინტერნეტბრაუზერითა და ყველა პორტატიული კომპიუტერული მოწყობილობით. ეს სისტემა ხასიათდება ჩატვირთვის სწრაფი ტემპით, გამართული მუშაობით, დიდებული გრაფიკით, მარტივი და ინტუიციური ინტერფეისით. EGT Mobile-ი იდეალურია “მოძრავი გართობისთვის”.
რამდენი ახალი პროდუქტის განვითარებასა და გაშვებას გეგმავთ ექსკლუზიურად ონლაინბაზრისთვის?
კომპანია მუდმივად აფართოებს ონლაინთამაშების პორტფოლიოს. მიმდინარე წლის განმავლობაში დავამატებთ 30 დასახელების თამაშს. EGT-ის ინტერაქტიური დეპარტამენტი ახლახან შეიქმნა, თუმცა კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი განყოფილებაა. იგი გლობალური და ადგილობრივი ტრენდების სათავეში დგას. განყოფილების მიზანია, რეგულარულად განაახლოს EGT-ის ონლაინპროდუქტები, რადგან აშკარაა, ეს ჩვენი ინტერაქტიური ფორმატის წარმატების გასაღებია.
მაინტერესებს აზარტულ თამაშთა გლობალური ინდუსტრიის თქვენეული ხედვა. რა სიახლეებია ბაზარზე?
ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია დასტაბილურდა, ან კვლავ ზრდის ფაზაში გადავიდა. ჩვენი ინდუსტრიისთვის ამის ინდიკატორი სათამაშო ბიზნესის მიერ ახალი რეგიონების ათვისებაა. ახალი სასტუმროებისა და სამორინეების სამშენებლო პროექტები, რომელთა შესახებაც სულ გვესმის, იმას მოწმობს, რომ ინვესტორები რწმუნდებიან ბიზნესის რენტაბელურობაში და აგრეთვე, მოელიან უკეთეს ბიზნესკლიმატს სამომავლოდ.
ახლახან აზარტული თამაშების სექტორში, მის ძირითად მოთამაშეებს შორის, ბევრი შერწყმა განხორციელდა. ჯერ ადრეა წინასწარმეტყველება, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას ინდუსტრიისთვის, ან რა ეფექტი ექნება ამგვარ გაერთიანებებს კონკრეტულად ჩვენს ბიზნესზე.
სიახლეების თემა რომ გავაგრძელოთ – შედარებით ახალი ფენომენია ე.წ. სოციალური გემბლინგი (აზარტული თამაშების სერვისი, რომლებიც სოციალურ პლატფორმებზეა დაფუძნებული). თქვენი აზრით, რა განვითარებას ჰპოვებს იგი? – დარჩება სულ რამდენიმე პლატფორმის ლიმიტირებულ სერვისად, თუ სწორედ “სოციალური გემბლინგში” ხედავთ ონლაინგემბლინგის მომავალს?
“სოციალური გემბლინგი” ამ მომენტისთვის ნამდვილად ფენომენია და, რა თქმა უნდა, მომავალში იგი განვითარდება. “სოციალურ თამაშებში” უკვე ბევრი კომპანია შეიმჩნევა. ისინი გვთავაზობენ კაზინოთამაშების არჩევანს Facebook-ისა და მობილური პლატფორმების საშუალებით. ამ სისტემაში თამაში უფასოა, თუმცა შესაძლებელია მონეტარიზება ვირტუალური ვალუტის გაყიდვით. ეს სიახლე ჩვენ არ გვაზარალებს, პირიქით, გვეხმარება, რადგან სხვადასხვა ტიპის თამაშს სხვადასხვა ბაზარზე პოპულარულს ხდის.
თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, “სოციალური გემბლინგი” ვერასოდეს დაიკავებს ონლაინგემბლინგის და, მით უმეტეს, ნამდვილი თამაშის ადგილს. მოთამაშეებს კაზინოში თამაშის გამოცდილება სურთ. ამიტომ, თამაშის ყველა ტიპს ყოველთვის ექნება თავისი გამორჩეული ადგილი.