კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „სელფი მობაილის“ 5G ქსელი საქართველოში დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილი გახდა, პირველ რიგში ის ბაკურიანსა და გუდაურში ამოქმედდება. კომპანიის განცხადებით, ლოკაციები ზამთრის სეზონის დადგომის შესაბამისად შეარჩიეს. ამის შემდეგ „სელფი მობაილის“ 5G ქსელი ეტაპობრივად ქვეყნის სხვადასხვა არეალში, მათ შორის თბილისში გახდება ხელმისაწვდომი.
„სელფი მობაილმა“ საქართველოში 5G ქსელის დასანერგად კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ „სელფი“ რეგიონში პირველი კომპანია იქნება, რომელიც 5G ქსელს დანერგავს.
„ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„სელფი მობაილის“ განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელი ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით აიგება, რაც მის უსაფრთხოებას განაპირობებს.
შეგახსენებთ, „სელფი მობაილმა“ საქართველოში 5G ქსელის დასანერგად პარტნიორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვან კომპანია Nokia-სთან გააფორმა. გარიგების თანახმად, ეს უკანასკნელი „სელფი მობაილს“ უახლესი ტექნოლოგიით მოამარაგებს.
აქვე გეტყვით, რომ „სელფი მობაილი“ საქართველოს მასშტაბით უკაბელო მომსახურებას 1.3 მილიონ მომხმარებელს უწევს.