სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშალა

სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშალა

სერბეთისა და საქართველოს მიერ არაღიარებული კოსოვოს ლიდერები გუშინ ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ პირისპირ შეხვდნენ და ურთიერთობების გადახედვაზე იმსჯელეს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და არაღიარებული კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. მათი შეხვედრა ე.წ. ბელგრადი-პრიშტინას ფორმატში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის შუამდგომლობით გაიმართა.

ივნისში, მხარეთა უკანასკნელი დიალოგი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. ვუჩიჩმა და კურტიმ მაშინ ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრაზე უარი განაცხადეს და ჟოზეფ ბორელს მათთვის გზავნილების გადაცემა უხდებოდა. ჯოზეფ ბორელის განმარტებით, მხარეებს კონფლიქტის მიზეზების, ფაქტების, გარემოებებისა და სავარაუდო გამოსავლის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები გააჩნდათ.

გუშინდელ შეხვედრას კი ევროკავშირის ოფიციალური პირები დიდი იმედით უყურებდნენ, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი კვლავ არ შეინიშნება. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ქვეყნების ლიდერები გააფრთხილა, რომ პროგრესის ნაკლებობამ შესაძლოა მათ ბლოკში გაწევრიანების იმედებს ზიანი მიაყენოს.

შეგახსენებთ, რომ სერბეთი და არაღიარებული კოსოვო, რომელიც ადრე სერბეთის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, უკვე  ათწლეულებია, დაპირისპირებული მხარეები არიან. 1998-99 წლების ომს 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, თუმცა ბელგრადი მრავალ სახელმწიფოსთან ერთად, რომელთა შორის საქართველოც გახლავთ, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს.

არაღიარებულ კოსოვოში მცხოვრებ პირთა და სერბეთის სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებები გარკვეული პერიოდულობით ახლდება, თუმცა კონფლიქტი ძირითად შემთხვევაში დიდ მასშტაბებს არ აღწევს.