წელს კოკაინი კოლომბიის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი გახდება - Bloomberg

წელს კოკაინი კოლომბიის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი გახდება - Bloomberg

Bloomberg Economics-ის შეფასებით, მიმდინარე წელს კოლომბიის ექსპორტში კოკაინი ნავთობს გადაასწრებს და ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი გახდება. ქვეყნის მთავრობა ბოლო პერიოდში ნარკოტიკებთან დაკავშირებით შედარებით რბილ პოლიტიკას ატარებს, რაც წარმოების გაფართოებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ნავთობს, Bloomberg-ის ეკონომისტების მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში მისი ექსპორტი 30%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც კოკაინით ვაჭრობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელსვე შესაძლოა, კოკაინი კოლომბიის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი გახდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ 2022 წელს კოკაინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $18.2 მილიარდამდე გაიზარდა და $1 მილიარდითაც კი არ ჩამორჩებოდა ნავთობის ექსპორტს – 2022 წელს $19.1 მილიარდი.

Bloomberg-ის ჩანაწერის მიხედვით, „მთავრობა ანადგურებს ლაბორატორიებს, სადაც კოკას ფოთლები კოკაინად მზადდება, თუმცა ეს ხელს არ უშლის წარმოების გაფართოებას“. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, გასულ წელს კოლომბიაში კოკაინის წარმოება რეკორდულ 1,738 ტონამდე, ხოლო იმ მიწის ფართობი, სადაც კოკა იყო დარგული 13%-ით, ასევე რეკორდულ 230,000 ჰექტრამდე გაიზარდა.

პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ, კოლომბიის პირველმა მემარცხენე ლიდერმა, ნარკოტრეფიკის მიმართ ქვეყნის მიდგომა შეცვალა . პეტროს მიზანი იყო, მისი პოლიტიკა შეხებოდა ნარკოტიკებით მსხვილ მოვაჭრეებს, რომლებიც მეტ სარგებელს საზღვარგარეთის ბაზრებიდან იღებდნენ, ვიდრე კოკას ფოთლის მწარმოებლებს, რომლებიც ჯაჭვის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენენ. პეტრო, ექვსი ათწლეულის სამოქალაქო კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებით დასასრულებლად, ქვეყნის ნარკოტიკებით ვაჭრობის მთავარ დაჯგუფებებთან მოლაპარაკებების იმედსაც გამოთქვამს.