საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებისა და დეპოზიტების ივლისის ტენდენციების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით (382.83 მლნ ლარი) გაიზარდა და ჯამურად 39.60 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული გაცვლითი კურსის ეფექტი, რომელიც 1.59%-ითაა გაზრდილი.
საინტერესოა, რომ სესხების რაოდენობა ეროვნული ვალუტით გაცემის შემთხვევაში 2.15%-ითაა გაზრდილი, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემის შემთხვევაში პირიქით, 15.38 მილიონი ლარითაა შემცირებული.
ეროვნული ბანკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ვალუტაში წინა თვესთან შედარებით 1.56%-ით მეტი მოცულობის სესხი გასცეს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 0.11%-ით ნაკლები.
2021 წლის პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.73% შეადგინა.
რაც შეეხება დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის აგვისტოსათვის ჯამში 35.12 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი 1.72%-ით (593.09 მლნ ლარი) მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე. სანაცვლოდ, ივლისში ივნისთან შედარებით 2.93%-ით შემცირდა ვადიანი დეპოზიტების მოცულობა. მოთხოვნამდე დეპოზიტები კი ეროვნული ბანკის მონაცემებით, 5.77%-ით, ანუ 1.06 მლრდ ლარით გაიზარდა.
2021 წლის პირველი აგვისტოსათვის, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.99% შეადგინა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 83.83%-ს უდრის, ევროს წილი კი – 14.75%-ს.