შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე – გაიცანით ნინო მაისურაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი STEM სკოლაში

შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე – გაიცანით ნინო მაისურაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი STEM სკოლაში

„განსაკუთრებით მაინტერესებს ტექნოლოგია და ინჟინერია, ამიტომ ხშირად ვმუშაობ Arduino-სთან და სხვადასხვა STEM პროექტზე – მიყვარს ახალი რაღაცების შექმნა და აღმოჩენა”, – ნინო მაისურაძე,  STEM სკოლის მოსწავლე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, საგანმანათლებლო პროექტი – STEM სკოლა შეიქმნა.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაიარონ ერთწლიანი ონლაინ კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს. 

STEM სკოლაში სწავლის გამოცდილებას გვიზიარებს 15 წლის მოსწავლე და საქართველოს ბაკის სტიპენდიატი, ნინო მაისურაძე ქალაქ გორიდან, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ფიზიკა და მათემატიკა და საკუთარ მომავალ პროფესიასაც ტექნოლოგიურ ინჟინერიას უკავშირებს.

როგორ გავხდი STEM-ის მოსწავლე

რეგისტრაციის შემდეგ უნდა დამეწერა ტესტი, რომელიც ჩემს ზოგად ცოდნას ამოწმებდა. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც შევეცადე, საუკეთესოდ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. როდესაც გავიგე, რომ სტიპენდიატი გავხდი, სიხარულს ვერ ვმალავდი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და ახალი გამოწვევები მივიღო. სტიპენდიატობამ დამარწმუნა, რომ განათლების გზაზე არ უნდა გაჩერდე.

რას ვურჩევ სხვა მოსწავლეებს

თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, უნდა დარეგისტრირდეს თუ არა STEM სკოლაში, პასუხი ერთია – აუცილებლად! თავიდან მეც ბევრს ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა პროექტში მოხვედრას, მაგრამ, საბოლოოდ, STEM სკოლაში ჩაბარება საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ტესტის არ უნდა შეგეშინდეთ, ის არც ისე რთულია. მთავარია, ლოგიკურად იფიქრო და ბოლომდე ეცადო შენი შესაძლებლობების გამოვლენას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო. ცდა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამით მინიმუმ ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებ. და თუ პირველივე ჯერზე ვერ მოხვდი STEM სკოლაში, არ უნდა დანებდე. კიდევ ბევრჯერ გექნება შესაძლებლობა. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოუვა ყველას, ვისაც მართლა უნდა და ცდილობს.

როგორია სწავლა STEM-ში

აქ უფრო მეტად პრაქტიკული სწავლებაა. ტრადიციულ სკოლებიდან განსხვავებით, შეგვიძლია, პრაქტიკულად ვიმუშაოთ რეალურ პრობლემებზე. ეს მეთოდი მეხმარება მასალის უკეთ გააზრებაში და უფრო მეტად მაძლევს მოტივაციას, რადგან ვიცი, რომ რასაც ვსწავლობ, რეალურ ცხოვრებაში გამომადგება. სკოლა ძალიან გამართულია და არ არის რაიმე, რაც არ მომწონს.

როდესაც ჩემი ფოტო ვნახე ბილბორდზე, ძალიან გახარებული ვიყავი. მივხვდი, რომ სწავლას და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.

ჩემს მეგობრებს და უცხო ადამიანებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი ფოტოს დანახვა ბილბორდზე. ოჯახის წევრები, მეგობრები და მასწავლებლები მილოცავდნენ, მეხუმრებოდნენ კიდეც, რომ „ქალაქის ცნობილი სახე“ გავხდი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როცა ჩემი ტოლები მეუბნებოდნენ, რომ ეს მათაც აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად ეცადონ და არ შეუშინდნენ გამოწვევებს. 

რას ვგეგმავ STEM სკოლაში და მომავალში

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ საინტერესო პროექტში მივიღო მონაწილეობა. ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნოლოგიები და მეცნიერება, მაგრამ STEM-თან უშუალო შეხება მანამდე არ მქონია. სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიამ მომცა  ეს  შესაძლებლობა.

ახლა უკვე ვიცი, რომ დიდი ალბათობით ჩემი მომავალი პროფესია სწორედ STEM-ს დაუკავშირდება. მინდა, გავიგო, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტექნოლოგია, რა გამოწვევებია ამ სფეროში და როგორ შეიძლება მეც შევიტანო ჩემი წვლილი. ეს სტიპენდია მაძლევს შესაძლებლობას, გავიღრმაო ცოდნა, შევხვდე საინტერესო ადამიანებს და უფრო კარგად გავაცნობიერო, რა მინდა მომავალში.  

ამ გამოცდილების გარეშე, შესაძლოა, ამ სფეროსთან საერთოდ არ მქონოდა შეხება, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩემს თავს ვხედავ.

ინფორმაციისთვის, STEM სკოლა ნიჭიერ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კურსები კი მათ აძლევს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. 

STEM სკოლის მთავარი უპირატესობა სწავლების ისეთი ფორმა და შინაარსია, რომელიც სრულად არის მორგებული დისტანციური სწავლების ყველა სპეციფიკას – კვირაში ერთხელ სამი საათის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოსწავლეები ერთვებიან სწავლის პროცესში შეუფერხებლად.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge