შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია 5.0

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და ინდუსტრია  5.0

ონლაინი ჩვენთვის ყველასთვის უკვე ყოველდღიურობაა. იმ პირობებში, როცა ჩვენ ყველას პანდემიის გამო  გვიწევს ნაკლები კომუნიკაცია პირისპირ, ჩვენი გონება იწყებს სხვაგვარად ფიქრს, ეჩვევა აზროვნების სხვაგვარ ფორმატს – კერძოდ, როგორ მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა უფრო მარტივად  და ზედმეტი მოქმედებების გარეშე. თითქოს გაჩერდა სამყარო, რომ  ფიქრის დრო გაეთავისუფლებინა ადამიანებისთვის – ყველა წარმატებული გამოცდილების დანერგვის დრო მოვიდა. შესაბამისად, პროგრესული ნახტომის დროა. ანალოგიურად, ბიზნესშიც – პროცესების ეფექტურობა გაზრდილია და მეტია შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები. აღარც დგას საჭიროება არაეფექტური შეხვედრების ჩატარებისა. იზოგება დრო და შესაბამისად ხარჯი. ტექნიკურ პროცესებს ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ბიზნესები იწყებენ სხვაგვარად ფიქრს – ის, რაც შეიძლება ონლაინ შეხვედრით გადაწყდეს, აუქმებს პირისპირ შეხვედრებს.

ზოგი ბიზნეს პროცესი  ბუნებრივად გადალაგდა, ზოგიც მენეჯერის მხრიდან ხელოვნური ჩარევით ცვლილებას საჭიროებს. პანდემიამ მოახდინა უსარგებლო ბიზნეს ტრანზაქციების წინ წამოწევა.

ბიზნესები იწყებენ ფიქრს რესტრუქტურიზაციაზე და თანამშრომლების რეკვალიფიკაციაზე. ან შეძლებენ ფეხი აუწყონ ბუნებრივ მოცემულობას და რადიკალური ცვლილებები სწრაფად განახორციელონ ან დაიხურებიან. კრიზისი არ არსებობს, იგი მითია… იგი გამოიგონეს უძრაობის გასამართლებლად. ბაზარზე მოთხოვნა რჩება და ბიზნესის დახურვა სწორი გამოსავალი არ არის. ბაზარს დაიკავებს ის, ვინც გარდაქმნას მოახერხებს.

გამოსავალი ბიზნესის ორგანიზაციული რესტარტია. ბუნებრივია რთულია. რთულია არა მოქმედება, არამედ აზროვნების რადიკალური ცვლილება.

პრობლემა რომლის წინაშეც დგებიან მენეჯერებს ესაა : 1. სასოწარკვეთა და შოკი გაყიდვების ვარდნის გამო. რომელიც იწვევს შიშსა და უძრაობას. „ფული აღარ გვაქვს, ყველაფერი იკეტება არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა მოხდება“ 2. იგივე სტრატეგიის უცვლელად და ჯიუტად გაგრძელება, კრიტიკული აზრის (სხვისი თუ თავისივე) გათვალისწინების გარეშე ანუ სირაქლემას პოზიცია „ვერ ვხედავ პრობლემას, რა საჭიროა ცვლილება მე ხომ წარმატებული ვიყავი“. მენეჯერმა უნდა შეხედოს თავის თავს გვერდიდან (თვითანალიზი – რას ვერ აკეთებდა კარგად, რა შეცდომებს უშვებდა, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხომ არ დადიოდა მუდმივად წრეზე, რა მოუქნელი მოქმედებები ჰქონდა განვლილ პერიოდში), რადგან სწორედ იგია კომპანიის სტრატეგი და მისი ხედვაა კომპანიის წარმატების გარანტი. მისი იდეები პროცესებად უნდა გაცოცხლდეს  ბიზნესში.

მენეჯერის მხრიდან მეტი დრო უნდა დაიხარჯოს გონების  და იდეების კონცენტრაციაზე და ის გარდაქმნას აუცილებლად შეძლებს – რა არის ახალი მოთხოვნა და როგორ გადააწყოს არსებული სტრუქტურა, როგორ გაზარდოს კომპანია ახალი სტრუქტურით. მას უნდა გააჩნდეს კონკრეტული ხელწერა მიზანდასახულად მიიწევდეს წინ აღსრულებისკენ.

ახალ სამოქმედო გეგმაში დიდი ნაწილი უკავია პროდუქტების გარდასახვას (დამატება/სახეცვლილება) და ონლაინ მარკეტინგის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, სხვაგვარ ცოდნას მოითხოვს. მენეჯერმა უნდა შეცვალოს ხედვა- რასაც ადრე აკეთებდა, შეიძლება ძალიან წარმატებულადაც, ის მოქმედებები და გეგმები დღეს ვადაგასულია. შეადგინოს ახალი გეგმა ახალი სტრუქტურით და ახალი პროდუქტებით, მომხმარებელთან კომუნიკაციების არხებიც  შეცვალოს და კომუნიკაცია ათჯერ მეტად უნდა გაახშიროს. ინტერნეტის მარკეტინგული არხები და რეკლამა მეტადაა მიზნობრივ სეგმენტზე  კონცენტრირებული, მენეჯერს კი შეუძლია ამ არხით კონკრეტულ  ასაკობრივ ჯგუფს  იმ დოზით მიაწოდოს ინფორმაცია, ვისთვისაც შექმნა ესა თუ ის პროდუქტი. მაგრამ – გადააწყო თანამშრომლები მუშაობის ახალ სისტემაზე – სწორედ ეს მოითხოვს დროს. გაყიდვების ახალი არხები არ გამორიცხავს ძველის დავიწყებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ნიშანდობლივად შემცირდება ძველი არხები. მენეჯერმა უნდა  დაგეგმოს ახალი პროდუქტებისთვის სატესტო პერიოდი და პროდუქტის ბაზარზე გაშვებისთვის  მოამზადოს თანამშრომლები და პარტნიორები. რაც გუნდური ცოდნის მოპოვებისკენ პირველი ნაბიჯებია. გუნდური ცოდნა ბიზნეს რისკებს აზღვევს და გამორიცხავს შეცდომებს. რაც თავის მხრივ გლობალიზაციის წინაპირობაა და დოვლათის შექმნის კუთხით მასშტაბურ შედეგებზე გაიყვანს ბიზნესს.

იცვლება ეფექტურობის პარამეტრები: ზოგ კომპანიას შეიძლება საერთოდ მოუწიოს ძველი პროდუქტების სამუდამოდ დავიწყება. მაგალითად: ნავთობკომპანიების ზარალი მილიარდებს აღემატება.ისინი მუშაობენ ახალ პროდუქტებზე – ალტერნატიული ენერგიების შექმნაზე. სამაგიეროდ საუკეთესო საინვესტიციო მიმართულება ადგილობრივი წარმოება, ტექნოლოგიური ინოვაციები, ინტელექტუალური, სამედიცინო (ტელემედიცინა) და კვების ბიზნესები გახდა. თუმცა ისინიც სახეცვლილი პროდუქტებით წარსდგნენ ბაზარზე. მომსახურების ბიზნესი გადადის ონლაინ…

დღეს უკვე ადვილია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ონლაინი ბევრ ახალ შესაძლებლობებს ხსნის ახლა და მომავალში მეტს გახსნის…

მსოფლიოში პანდემიის პირობებში გაციფრულების ერა 5.0 წარმატებულად მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ტექნოლოგიური ინოვაციების სრულად დანერგვას საზოგადოებაში. ინდუსტრია 5.0 ითხოვს მენეჯერის შორსმხედველობის განვითარებას. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ცოდნაში და სწავლება აღქმულ იქნას, როგორც უწყვეტი პროცესი. შედეგად ორგანიზაცია მდგრადი ხდება. ესაა ის ერა, როცა მხოლოდ ცოდნაზე იქნება წარმატება დამოკიდებული. ცოდნა მუდმივად უნდა ტრანსფორმირდეს თანამედროვე  ტენდენციების მიხედვით. მენეჯერმა და მისმა გუნდმა კი მათი ცოდნა ტრანსფორმირებულად უნდა შესთავაზონ, როგორც ბაზარს, ისე დამფუძნებელ გუნდს.

ქეთევან ასანიძე

MCI group-საკონსულტაციო საინვესტიციო კომპანია

აღმასრულებელი დირექტორი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *