საინვესტიციო ფირმა Silver Lake-მა „მანჩესტერ სიტის“ მფლობელ ჰოლდინგ City Football Group-ში წილი გაზარდა და შედეგად, ინგლისური საფეხბურთო კლუბის მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Silver Lake-მა City Football Group-ის დამატებით დაახლოებით 4.1%-იანი წილი შეიძინა. შეგახსენებთ, ჰოლდინგს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერი, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი აკონტროლებს. აქციები შეძენილ იქნა ჩინური საინვესტიციო კომპანია CMC Football Holdings-ისგან.
ამჟამად Silver Lake-ი საერთო ჯამში City Football Group-ის 14.5%-ს ფლობს, ხოლო CMC-ის წილი ჰოლდინგში დაახლოებით 8%-მდე შემცირდა.
Silver Lake-მა, თავდაპირველად, 2019 წელს City Football Group-ში დაახლოებით 10%-იანი წილი შეიძინა. ცნობისთვის, საინვესტიციო ფირმამ მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ზელანდიის რაგბის გუნდის, All Blacks-ის 5.7%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებითაც განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შეიხ მანსურის მფლობელობაში „მანჩესტერ სიტი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბად იქცა. მან ინგლისის პრემიერ-ლიგის ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხი მოიგო. კონსორციუმმა, რომელსაც მხარს უჭერს China Media Capital Holdings-ი, City Football Group-ში წილი 2015 წელს შეიძინა.