“სინერჯი კაპიტალი” კაპიტალდაბანდების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა

“სინერჯი კაპიტალი” კაპიტალდაბანდების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა

საქართველოში, სადაც კერძო კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, უკვე წელიწადნახევარია მოქმედებს საინვესტიციო კომპანია “სინერჯი კაპიტალი”.

“სინერჯი ჯგუფის” მიერ შექმნილი ორგანიზაცია ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც კომპანიებში ინვესტირების სურვილი აქვთ, შეიძინონ წილები ისეთ კომპანიებში, რომლებიც სწრაფი ზრდის ფაზაში არიან. ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომ “სინერჯი კაპიტალს” უკვე საკმაოდ დაბალი თანხებითაც შეუძლია ასეთ კომპანიებში შეიყვანოს ინვესტორი, რომელსაც “სინერჯი” გაუზრდის ღირებულებას. დღეს შეიძლება 1000$-იდანაც შეძლოს ადამიანმა სწრაფად მზარდი კომპანიის წილის შეძენა.

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, რომელიც სარგებლის მომტანია ყველა მხარისთვის, ამაზე “სინერჯი კაპიტალის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი პაპუნა ტოლიაშვილი საუბრობს:

“სინერჯი კაპიტალი” 2018 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელის შექმნა და მათი კაპიტალის ზრდაა. მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტა “სინერჯი ჯგუფმა” ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება? 

ვხედავდით, რომ ჩვენ გარშემო ისეთ ადამიანებს, რომლებმაც იციან რას ვაკეთებთ, გვენდობიან და აქვთ საკმარისი გამოცდილება, რათა სწორად შეაფასონ რისკები, გარკვეული დანაზოგი დაუგროვდათ. თუმცა, მათ არ ჰქონდათ საჭირო ინსტრუმენტები, რათა დაგროვილი კაპიტალით საინტერესო და უფრო მომგებიანი ინვესტიციები განეხორციელებინათ. მეორე მხრივ ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენს კომპანიებს, ვისთანაც “სინერჯი ჯგუფი” მუშაობდა, ჰქონდა კაპიტალის ნაკლებობა.  ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეკავშირებინა ეს ორი მხარე ერთმანეთისთვის, შეგვექმნა “სინერჯი კაპიტალი”, რომელიც შეძლებდა ინვესტორებს დახმარებოდა ადრეულ ფაზაში შესულიყვნენ ისეთი კომპანიების წილებში, რომლებიც რამდენჯერმე გაიზრდებოდნენ 3-5 წლის განმავლობაში. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია, რაც შეიძლება გააკეთო, არის სწრაფად მზარდ კომპანიაში სწორ ფაზაში შესვლა, რაც ნიშნავს რომ ათჯერ და ასჯერ შეიძლება გაიზარდოს შენი ინვესტიციის მოცულობა, თუ შენ ამ კომპანიას სწორად შეარჩევ და ამის საშუალება გექნება. სამწუხაროდ, ეს არ იყო შესაძლებელი, მანამ სანამ ჩვენ არ დავიწყეთ ამის კეთება. 

როგორ ხდება ინვესტორების ისეთი კომპანიების წილებში შეყვანა, რომელთაც “სინერჯი კაპიტალი” შემდგომში უკვე გაუზრდის ღირებულებას? 

ჩვენ მზარდ კომპანიებში ვყიდულობთ 20-50% წილს, ამ წილის ფარგლებში ვიწყებთ მათთან თანამშრომლობას, და არსებულ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ამ კომპანიის ღირებულების ზრდას. ცოტა მოგვიანებით ჩვენი წილის 80%-ში შეგვყავს უკვე სხვა ინვესტორები, რათა კაპიტალი გავუზარდოთ და კომპანიამ სწრაფი ზრდა შეუფერხებლად განაგრძოს. ჩვენ უკვე პატარ-პატარა წილების ყიდვის საშუალებას ვაძლევთ საცალო ინვესტორებსაც, რომლებიც ხდებიან კომპანიის მოწილეები. ყველაზე პატარა წილი, რაც შეიძლება იყიდო, 1000 დოლარია. ასე ძალიან ბევრ ადამიანს ეძლევა საშუალება, რომ მოსინჯოს თავისი ინტერესები სხვადასხვა სფეროში. თანამშრომლობის ფარგლებში ინვესტორებს ეძლევათ საშუალება სამეთვალყურეო საბჭოებს დაესწრონ და მიიღონ მონაწილეობა კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაშიც. დღეს ამ ყველაფრის ორგანიზება და ყიდვა ყველაზე ადვილია სწორედ ჩვენი საშუალებით. ამისთვის უბრალოდ საჭიროა მცირე დანაზოგის არსებობა, რათა დაიწყო შენთვის სასურველი კომპანიის შერჩევა და იქ თუნდაც მინიმალური წილი იყიდო. 

რას აკეთებს “სინერჯი კაპიტალი” იმისთვის, რომ პორტფელის კომპანიების ღირებულება გაიზარდოს? 

ფაქტობრივად ჩვენი პორტფელური კომპანიების განვითარება მიმდინარეობს ყოველდღიურ რუტინულ რეჟიმში. “სინერჯი კაპიტალს” რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს, როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, ესაა განვითარების გუნდი, რომელსაც “სინერჯი ჯგუფი” ამ კომპანიისთვის გამოყოფს. ეს გუნდი კომპანიის განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობს: რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს, როგორი ბიზნეს მოდელი, როგორი სტრუქტურით უნდა იმუშავოს, როგორი უნდა იყოს მოტივაციის სქემები და ა.შ. “სინერჯი ჯგუფი” უკვე 20 წელია ამ საქმეს აკეთებს და მაგალითად დღეს საქართველოში ტოპ უმსხვილესი ორგანიზაციები რომ ავიღოთ, ნახევარზე მეტი ჩვენი კლიენტები იყვნენ წლების განმავლობაში და აგრძელებენ თანამშრომლობასაც. ამდენად ამის კეთების დიდი გამოცდილება აქვს გუნდს. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიებში მეთვალყურეობის პროცესის მოწესრიგება. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კვალიფიციური მეთვალყურეობა არის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი ყველა მზარდი კომპანიის საქმიანობაში. როდესაც აღმასრულებელი გუნდი მუდმივად განიცდის კვალიფიციურ თანადგომას და მეთვალყურეობას ისეთი ადამიანების მხრიდან, ვისაც მათი ანგარიშგების მოსმენა, გააზრება და ოპონირება შეუძლია, ეს ძალიან ზრდის პასუხისგებლობის წნევას აღმასრულებელ გუნდზე, უფრო მოწესრიგებულს და მობილიზებულს ხდის და გაცილებით უფრო შედეგებზე ორიენტირებულს. იქ, სადაც მეთვალყურეობის პროცესი მოშლილია და სამწუხაროდ, ორგანიზაციების უმრავლესობაში საქართველოში ეს პროცესი მოშლილია, ბევრი დრო და რესურსი იკარგება. ამიტომაც ჩვენ სადაც შევდივართ კომპანიაში, პირველ რიგში სამეთვალყურეო საბჭოებს ვქმნით, რომელიც ყოველთვიურად ტარდება, სადაც კომპანიის აღმასრულებელი გუნდი და სინერჯის განვითარების გუნდი ანგარიშებს აბარებს სამეთვალყურეო საბჭოს და მაქსიმალურად მობილიზებულად თვიდან თვემდე მოქმედებს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. 

და კიდევ ერთი კონტრიბუცია არის სუბორდინირებული დაკრედიტება. სუბორდინირებულ კრედიტებს ვაძლევთ ჩვენს პორტფელურ კომპანიებს, რაც არის კაპიტალთან გაიგივებული რესურსი. სუბორდინირებული დაკრედიტებით ვახერხებთ, კომპანიები არასოდეს “გაიჭედონ” კაპიტალის არასაკმარისობის გამო. კომპანიების ზრდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ რაღაც ეტაპზე კაპიტალის არასაკმარისობის გამო, ვეღარ აგრძელებენ ზრდას, ვინაიდან ბანკები აღარ თანხმდებიან და ვეღარ იზრდებიან იმ ტემპებით, რა ტემპებითაც შეუძლიათ ზრდა. 

როგორ არჩევს “სინერჯი” კომპანიებს? როგორ პოულობს და აფასებს სწრაფად გაზრდის პოტენციალი აქვს თუ არა კომპანიას? 

ის კომპანიები, რომლებიც “სინერჯი ჯგუფში” მოდიან, მოდიან სწორედ იმ ფაზაში, როდესაც საუკეთესო კანდიდატები არიან კაპიტალის ინვესტირებისთვის. ჩვენ ამ ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა და გვაქვს, როგორც კონსულტანტებს. აქედან გამომდინარე მათი აღმოჩენა არასოდეს ჭირს. ამ პროცესში უფრო მთავარია, ჩვენ არ შეგვეშალოს და სწორად შევარჩიოთ ისინი. სამი ძირითადი პრინციპი გვაქვს, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესში. უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ვაქცევთ კომპანიის გუნდს. თუ დავინახეთ, რომ იმათ შეუძლიათ სწორი ღირებულებებით, მიდგომებით მიიღონ გადაწყვეტილებები, არიან ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებაზე, მაშინ ვცდილობთ, ეს გუნდი ხელიდან არ გავუშვათ, ვინაიდან ასეთი გუნდის შემთხვევაში წარმატების 70-80%-იანი გარანტია გვაქვს. 

მეორე კრიტერიუმი არის კომპანიის მასშტაბირების შესაძლებლობა. თუ ეს კომპანია იმხელაა, რომ მასშტაბირებადი აღარაა, რამხელაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის საინტერესო აღარ არის. გვირჩევნია დრო და ენერგია დავხარჯოთ პატარა ან საშუალო კომპანიაზე, რომელიც ბევრჯერ გაიზრდება. 

და მესამე კრიტერიუმი – ადამიანის ფაქტორი უნდა იყოს გადამწყვეტი კომპანიის ღირებულების ზრდაში. არც ფული, არც მიწა და უძრავი ქონება არ უნდა წარმოადგენდეს მთავარ საკითხს კომპანიაში, მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანები უნდა იყვნენ. ანუ ისეთ კომპანიაში შევდივართ, სადაც ადამიანების სწორი მოტივირება და ორგანიზება არის გადამწყვეტი წარმატების მიღწევის პროცესში. 

დღეს რომელი კომპანიები შედის თქვენს პორტფელში? 

ამჟამად დაახლოებით 15 კომპანია გვყავს, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. მათ შორის არიან ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებები, რომლებიც უკვე ყიდიან გარეთ თავიანთ პროდუქციას. მათ შორის “ჩიკორის” ჩირი, “მანნას” ჩაი. მეორე მიმართულებაა საცალო გაყიდვის ქსელები, სადაც ოთხი კომპანია გვყავს, მათ შორის ფარმაცევტული კომპანია “სახალხო აფთიაქი”, რომლის განვითარებაზე აქტიურად ვმუშაობთ და ისეთ კონცეფციას ვავითარებთ, რომელიც განსხვავდება სხვა დიდი მოთამაშეების სტრატეგიისგან. გვაქვს ხორცის გაყიდვების მაღაზიები “ანტრეკოტის” სახით, ღვინის მაღაზია-ბარები “8000 მოსავლის” სახით, მომსახურების სფეროში კი პედიატრიული ქირურგიის ცენტრი. ასევე სასტუმროების მმართველ კომპანიას ვაკეთებთ, სამვარსკვლავიანი სასტუმროების ჯგუფს, რომელიც აპირებს მართვაში ჰყავდეს 15-მდე სასტუმრო. ამას დაემატა “დაუნთაუნის” რესტორნების ქსელი, “ჯივინოს” ბარების ქსელშიც შევდივართ. ახლა ფორმდება კონტრაქტები რამდენიმე დიდ კომპანიასთან. მათ შორის “ალტა”, სადაც ზომის მიუხედავად ზრდის რეზერვებს კვლავ ვხედავთ. ყოველწლიურად საშუალოდ 10 კომპანიის დამატებას ვაპირებთ პორტფელში, რაც 5-10 წელიწადში ძალიან სერიოზული პორტფელის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს. 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პორტფელურ კომპანიებში დადებითი დინამიკა გვაქვს. წინა წელთან შედარებით ყველა მათგანში მოგება მნიშვნელოვნად იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *