სირიის ტარტუსის პორტმა, რუსულ სამშენებლო კომპანია Stroytransgaz-თან, 49-წლიანი საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Important Stories-ი ტარტუსის საბაჟო ხელმძღვანელ რიად ჯოუდეჰზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერს სირიული გაზეთი Al-watan-იც.
რუსულ კომპანიასა და ტარტუსის პორტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა სირიაში, 8 დეკემბერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას მოჰყვა. ასადი მოსკოვში გაიქცა, რის შედეგადაც სირიაში რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა, ხოლო დამასკო ოპოზიციურმა ძალებმა აიღეს ხელში.
2019 წელს ხელმოწერილი კონტრაქტით, მოსკოვი, ტარტუსის პორტის მოდერნიზებისთვის მინიმუმ $500 მილიონის ინვესტირების ვალდებულებას იღებდა. შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, პორტის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად სირიის სახელმწიფოს გადაეცემა, მისი მართვა კი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელში გადავა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, სირიის ახალმა მთავრობამ, ტარტუსის საზღვაო ბაზიდან, რუსული გემით სამხედრო ტექნიკის ევაკუაცია დაბლოკა.
ბაშარ ალ-ასადის გაქცევის შემდეგ, 30 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დიპლომატიური ვიზიტით დამასკოში იმყოფებოდა, სადაც ახალ ხელისუფლებას შეხვდა და სირიაში, რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის საკითხი განიხილა. იმავე დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ კიევისა და სირიის ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება, ქვეყანაში რუსი სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით, ერთნაირია, თუმცა შეხვედრის სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ტარტუსი სირიის სიდიდით მეორე საზღვაო პორტია. პორტში რუსეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური ცენტრია განთავსებული. 12 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნებდა.