Starbucks-ის უახლეს კაფეს ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აკლია – ელემენტი, რომელსაც მომხმარებელთა უმეტესობა მიჩვეულია. ეს მოლარეები არიან.
ყავის გლობალურმა ქსელმა Amazon Go-სთან პარტნიორობით ხუთშაბათს თავისი პირველი კაფე გახსნა, სადაც მომხმარებლებს მაგიდასთან დასხდომა და ლატესთან ერთად სენდვიჩის მირთმევა შეუძლიათ, თუმცა უცნაურია, რომ კაფეში მოლარეები არ დაგხვდებიან.
აშშ–ის შრომის ბაზრის კრიზისის გამო, Starbucks-ი და სხვა კომპანიები ადამიანური კაპიტალის გამოყენების შემცირებას ცდილობენ, ამისათვის ისინი ხელოვნურ ინტელექტს, რობოტიკასა და ციფრულ სენსორულ ეკრანებს იყენებენ.
White Castle-ი რობოტი მზარეულის გამოცდის პროცესშია, Domino’s Pizza ექსპერიმენტებს ატარებს თვითმართვადი მანქანების მიწოდებისთვის. IBM კი შეკვეთების ავტომატიზებულ მიღებას McDonald’s–ის დრაივისთვის ავითარებს.
აშშ-ის რესტორნების პერსონალის დონე ჯერ კიდევ მინიმუმ 10%-ით დაბალია, ვიდრე პანდემიამდე, რაც ხელს უწყობს მარჟის გაზრდას, თქვა Rabobank-ის ანალიტიკოსმა ტომ ბეილიმ. ციფრული ავტომატიზაციის ზოგიერთ ინსტრუმენტს უკვე ნახავთ სხვადასხვა რესტორანში, რაც თანამშრომელთა დეფიციტის შევსების ერთ–ერთი გზაა.
Starbucks–მა თავისი განვითარების სტრატეგია მაღაზიის ახალ ფორმატებზე გადაიტანა.
Starbucks-ი და Amazon-ი 2022 წელს კიდევ ორი ახალი კაფეს გახსნას გეგმავენ, განაცხადა Starbucks-ის გლობალური ზრდისა და განვითარების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ იანგმა.
ნიუ-იორკში, ახალ ლოკაციაზე Starbucks-ის ბარისტები სასმელებს და დანარჩენ მენიუს ჩვეულებრივ დაამზადებენ, კაფეს პერსონალის იგივე რაოდენობა ეყოლება, როგორც სხვა Starbucks-ს, აღნიშნა იანგმა.
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Starbucks-ის აპლიკაციის მეშვეობით გააკეთოს შეკვეთა და ყავა კართან ახლოს, დახლიდან აიღოს. ან გამოიყენოს საკრედიტო ბარათი, Amazon–ის აპი ან Amazon One ანაბეჭდის წამკითხველი დანარჩენ სივრცეში შესასვლელად, თაროებიდან საჭმლის ასაღებად ან მაგიდასთან დასაჯდომად.