პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალები განალაგოს, რათა ქვეყანაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოება უზრუნველყოს. სტარმერის თქმით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიები უმნიშვნელოვანესია, „თუ გვსურს, პუტინი შემდგომი აგრესიისგან შევაკავოთ“.
პარიზში, ევროპელ ლიდერებთან ორშაბათს გასამართ საგანგებო სამიტამდე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, მათ შორის „საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიაზე [გაერთიანებული სამეფოს] ჯარების განთავსებით“. სტარმერის თქმით, გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო: „მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომელიც ბრიტანელი სამხედროების პოტენციური საფრთხის ქვეშ დაყენებას მოჰყვება“. თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის უსაფრთხოება მთლიანად კონტინენტის უსაფრთხოებას გულისხმობს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მდივანმა, უეს სტრიტინგმა BBC-ს განუცხადა, რომ მთავრობა უკრაინაში ომს „ევროპისა და ბრიტანეთის ფრონტად“ აღიქვამს და მზად არის, თავისი როლი შეასრულოს უკრაინის, ევროპისა და ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების გრძელვადიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამ თვის ბოლოს პრემიერი სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრასაც გეგმავს. სტარმერის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამერიკას შეუძლია შეაჩეროს პუტინი ხელახალი თავდასხმებისგან. გარდა ამისა, სტარმერი ევროპის სხვა ლიდერებსაც ხვდება, რათა აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობა განიხილოს.