CNBC Arabia-ს ინფორმაციით, სუეცის არხის ადმინისტრაცია წლიურად შემოსავლის $700 მილიონით ზრდას პროგნოზირებს. ამის მიზეზი 2023 წლის იანვრიდან, ყველა ტიპის გემისთვის სატრანზიტო გადასახადის 15%-ით მატებაა.
არხის ხელმძღვანელობამ სატრანზიტო გადასახადის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გლობალური ინფლაციის გავლენასთან გასამკლავებლად მიიღო. ოსამა რაბიეს განცხადებით, გლობალური ინფლაციის მაჩვენებლის 8%-იანი მატებით, არხში ექსპლუატაციისა და შენახვის ხარჯები გაიზარდა. ტრანზიტის საფასური, როგორც მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი, ასევე საკრუიზო გემებისთვის 10%-ით მოიმატებს.
როგორც ირკვევა, გადასახადების ზრდა ენერგიის ფასების, ტვირთის გადაზიდვისა და დღიური დროითი დაქირავების ღირებულების მომატებას უკავშირდება. რაბიეს განმარტებით, არხის გავლის საფასურის მატება მიმდინარე გლობალური ინფლაციის მაჩვენებელთან გასამკლავებლად „აუცილებელი და გარდაუვალი“ იყო.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად უმეტესი ტიპის გემებისთვის ჩარტერულ ტარიფებში უპრეცედენტო ყოველდღიური ზრდა ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2022 წელს, ნედლი ნავთობის ტანკერების ყოველდღიური ჩარტერული ტარიფები გასულ წელთან შედარებით 88%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვებისთვის ჩარტერული ტარიფები 11%-ით გაიზარდა.