სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საათში $400 მილიონის ღირებულების ტვირთი ფერხდება

სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საათში $400 მილიონის ღირებულების ტვირთი ფერხდება

სუეცის არხში გაჭედილი უზარმაზარი საკონტეინერო გემი Ever Given-ის გამო ყოველ საათში $400 მილიონის ღირებულების საქონლის გატარება ფერხდება. ამის შესახებ CNBC სავაჭრო მონაცემებსა და კომპანია Lloyd-ზე დაყრდნობით წერს.

Lloyd-ის შეფასებით, სუეცის არხის გავლით, დასავლეთის მიმართულებით დღეში $5.1 მილიარდის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, აღმოსავლეთისკენ კი – $4.5 მილიარდის ღირებულების. შესაბამისად, არხის ჩაკეტვა სერიოზულ პრობლემებს ქმნის მიწოდების ქსელისთვის.

„ბევრ კომპანიას მიწოდების ქსელის შეფერხებების გამო პრობლემები ექმნება, პანდემიის შედეგად ისედაც შეფერხებებია. ეჭვი არ არის, რომ ეს ინციდენტი კიდევ უფრო შეაფერხებს პროცესს და დამატებითი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს“, – განაცხადა მსოფლიოს უმსხვილესი რიტეილ-სავაჭრო ასოციაცია National Retail Federation-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ გოლდმა.

სუეცის არხი, რომელიც აფრიკასა და აზიას ერთმანეთისგან ყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო ხაზს წარმოადგენს, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% მოდის: თხევადი ბუნებრივი აირის, ნედლი ნავთობის და სხვა ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე  5-10% მოდის, დანარჩენი კი ავეჯის, ტექსტილის, ავტონაწილების და სხვა საქონელია.

„ახლა მთავარი პრობლემაა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამ გემისგან არხის გათავისუფლების პროცესი. ამჟამინდელი მდგომარეობით, ამერიკელ იმპორტიორებს ტვირთის ჩამოსვლა სამი დღით უგვიანდებათ, ეს დრო კიდევ უფრო გაიზრდება, თუ არხი  მეტხანს დარჩება ბლოკირებული“, – განაცხადა ლოგისტიკური კომპანია OL USA LLC-ის პრეზიდენტმა ალან ბაერმა.

ამჟამად სუეცის არხთან საცობია. მსოფლიო ტრანსპორტირების საბჭოს მიხედვით, არხი დღეში 106 გემს ატარებს,  მაგრამ უკვე ორი დღეა, არხს გემები ვერ კვეთენ.

ცნობისთვის, სუეცის არხში 400 მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი რამდენიმე დღის წინ გაიჭედა. 224,000-ტონიანი ხომალდი სახელწოდებით Ever Given-ი როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.