ტაჯიკეთმა ბოლო-ბოლო აღიარა, რომ ეპიდემიაა ქვეყანაში, თუმცა, არა კორონავირუსის. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენელები ამბობენ, ეს არის პნევმონია. როგორც 27 აპრილს, ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანაში 319 ადამიანს დაუსვეს პნევმონიის დიაგნოზი მხოლოდ ერთ საავადმყოფოში, მათ შორის არის 136 ჯანდაცვის მუშაკია. ასევე გარდაცვლილია 11 ადამიანი, თუმცა, როდის, უცნობია.
როგორც Eurasianet-ს ჯანდაცვის სამინისტროს წყარომ განუცხადა, დედაქალაქ დუშანბეში ოთხი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც რესპირატორული დაავადებების პაციენტებს მკურნალობენ.
არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პნევმონიის შემთხვევების ზრდის გამოცხადებით, ცდილობენ კორონავირუსის პანდემია გადაფარონ, ვინაიდან მთავრობა ირწმუნება, რომ კორონავირუსი ტაჯიკეთში არ დაფიქსირებულა.
გასულ თვეს ქვეყნის პრეზიდენტმა გამოსვლისას განაცხადა, რომ ტაჯიკეტი როგორც ჩანს იმუნური აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვინაიდან ადამიანები სახლებში სისუფთავეს ინარჩუნებენ. მოგვიანებით კი მან მცირედით შეცვალა ტონი და განაცხადა, რომ ქვეყანაში მართალია არ არის კორონავირუსი, თუმცა, მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს მარხვისგან, რათა თავიდან აიცილოს იმუნური სისტემის შესუსტება.
ამას ისიც დაემატა, რომ რამდენიმე დღის წინ, ტაჯიკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სკოლები 10 მაისამდე იქნება დაკეტილი, თეატრები და კინო-თეატრებიც დაიკეტება და ფეხბურთის შეჯიბრებები შეჩერდება, რათა თავიდან აირიდონ მასობრივი თავშეყრა. ასევე საკვების უსაფრთხოების მიზნით, პრემიერმა აკრძალა ხორბლის, ბრინჯის, ოსპის, ბარდას, ლობიოს, კვერცხის, კარტოფილის და ყველა სახეობის ხორცის ექსპორტი. ტარდება სამთავრობო შენობების, ტროტუარების, ქუჩებისა და პარკების დეზინფექციაც. ადამიანებს, რომლებიც ბანკებსა და მაღაზიებში შედიან, პირბადეები უნდა ეკეთოთ და ხელების სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენონ.
ასევე როგორც Eurasianet-ის წყარო ამბობს, დუშანბეში ორ სპორტულ დარბაზში საწოლებია გამზადებული იმისათვის, რომ დაინფიცირებული პაციენტები განათავსონ. მსგავსი მზადება მიმდინარეობს სხვა ქალაქებშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთი ოფიციალურად არ ამბობს რომ კორონავირუსი დაფიქსირდა ქვეყანაში, მან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კრიზისთან გასამკლავებლად ათობით მილიონი დოლარი მაინც მიიღო დახმარების სახით. მხოლოდ ევროკავშირმა 64 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა კლინიკის პერსონალისთვის და საკარანტინე სივრცეებისთვის. ამის მიუხედავად კი არსებობს ფაქტები, რომ ექიმები თავიანთი ძალებით ყიდულობენ დამცავ აღჭურვილობას, რაც დაახლოებით $20 ღირს.
საყურადღებოა ციხეებიც. როგორც ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი ამბობს, დაახლოებით 50 ადამიანი დუშანბეს კოლონიიდან საავადმყოფოში განათავსეს. ამასთან, გასულ თვეს პრევენციული მიზეზით, ციხეში ვიზიტები შეწყდა.
ჟურნალისტები ცდილობენ გაიგონ მეტი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, თუმცა, განიცდიან მკაცრ ზეწოლას. ბრიტანული ორგანიზაცია Index on Censorship-ის განცხადებით, ორი ჟურნალისტი დააკავეს, როლებიც ამზადებდნენ რეპორტაჟს ბაზრიდან, თუ როგორც ემზადებოდა მოსახლეობა საკვების დეფიციტისთვის. დაკავებულ ჟურნალისტებს ბრალად პანიკის გამოწვევა დასდეს.
უცნობია, რამდენ ხანს შეძლებს ტაჯიკეთის მთავრობა დაფაროს არსებული ვითარება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები ქვეყანაში 1 მაისს გეგმავენ ჩასვლას.
კიდევ ერთი საეჭვო და საიდუმლოებით მოცული ფაქტია ის, რომ არ იციან პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ადგილმდებარეობა. ის საზოგადების წინაში 17 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. თუმცა, სატელევიზიო მიმართვა 23 აპრილს გაავრცელა.