ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა. მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გრიგალაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს დამატებით დროში მოუგო. ეს უკანასკნელი აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის დასაჯეს და შეხვედრიდან მოხსნეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლატიშევს მანამდე ორი შიდო ჰქონდა მიღებული.
ტატო მერვედფინალში ავსტრიის წარმომადგენელ ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ქართველმა ძიუდოისტმა ეს შეხვედრა ვაზარით, ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე მოიგო.
რაც შეეხება მეოთხედფინალს, აქ გრიგალაშვილის მეტოქე ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იყო. ტატომ ამ შემთხვევაშიც ვაზარით მოიგო, თუმცა შედეგიანი გდების შესასრულებლად დამატებითი დრო დასჭირდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გასასვლელად მძიმე ბრძოლა ჩაატარა. ნახევარფინალში მისი მეტოქე სამხრეთკორეელი იონჰვან ლი იყო. ფინალისტის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ტატომ გდება, რომელიც ვაზარად შეფასდა, მეხუთე დამატებით წუთზე შეასრულა და შეხვედრაც მოიგო.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.