Covid-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, 2021 წლის ზაფხულის მონაცემებით, აღდგენის მზარდ ტენდენციას აჩვენებს. Tourism Monthly Watch-ის თანახმად, 2021 წელი პოზიტიური პერიოდი იყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, თუმცა, სექტორის მომავალი დიდწილად ისევ ვაქცინაციის ტემპსა და პანდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
TBC Capital-ის მონაცემებით, 2021 წლის ივლისის ბოლოსთვის საქართველოს 695,028 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მიმდინარე წლის ივლისში ვიზიტორთა რაოდენობა 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 73.8%-ით ჩამორჩება 2019 წლის იდენტურ მაჩვენებელს. ცნობისთვის, თუ 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა დიდი წილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულებზე მოდიოდა, 2021 წელს ტურისტების უმრავლესობას უკრაინის, ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების საშუალო დატვირთვამ 2021 წლის ივლისის მონაცემებით 53% შეადგინა, რაც 11%-ით ჩამორჩება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საგულისხმოა, რომ დიდი სასტუმროების საშუალო დატვირთვა თითქმის მიუახლოვდა 2019 წლის მონაცემებს, რაც შიდატურიზმის ზრდასთან ერთად სასტუმროების მხრიდან უსაფრთხოების ზომებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების შეთავაზებით შეიძლება აიხსნას. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, საშუალოდ 42%-იანი დატვირთვით, 2019 წლის მონაცემებს 18%-ით ჩამორჩებოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროების დატვირთვა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, ყველაზე დიდ ზრდას კი კახეთი აჩვენებს, სადაც სასტუმროების საშუალო დატვირთვამ 2021 წლის ივლისში 61% შეადგინა, როდესაც 2019 წელს სულ რაღაც 37%-ს უტოლდებოდა. ამის მიზეზი შიდატურიზმის ზრდა, კახეთში სასტუმროების მრავალფეროვნება და რეგიონის დედაქალაქთან სიახლოვეა. თბილისის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 24%-ით ჩამორჩება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ზღვისპირეთში კი 7%-ით შემცირებულია.
ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საშუალო დღიურ კურსზე (ADR). 2021 წლის ივლისში, ADR-მა $112-ს მიაღწია, რაც 14%-ით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს. 2021 წლის თებერვლის შემდგომ არარეზიდენტების მიერ სასტუმროებში უნაღდო ხარჯების წილი თანდათან იზრდება და ივლისში 71%-ს აღწევს. მთლიანობაში უნაღდო ანგარიშსწორების მიხედვით, 2021 წლის ივლისის პერიოდი 4%-ით ჩამორჩება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, თუმცა რეგიონებში 7%-იანი ზრდა შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე, სადაც ზრდა კვლავ უარყოფითია და -16%-ს შეადგენს.
საერთო ჯამში, მას შემდეგ, რაც პანდემიის პერიოდში მათი დიდი ნაწილი სრულად გადავიდა უნაღდო ანგარიშსწორებაზე, ჰოსტელებში, პატარა და საოჯახო სასტუმროებში 2019 წელთან შედარებით უნაღდო ანგარიშსწორების ზრდამ 49% შეადგინა. ამ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით პირველ ადგილს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და ქვემო ქართლის რაიონები იკავებს. არარეზიდენტების მიერ გაწეული უნაღდო ანგარიშსწორებით კი აჭარა, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს, რაც ბრენდირებული სასტუმროებისა და აქტივობების მრავალფეროვნებით აიხსნება.