ივლისის მეოთხე კვირაში საქართველოში საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 74%–ით შემცირდა, ისევე როგორც ეს ივლისის მესამე კვირაში იყო. თიბისი–ს კვლევის მიხედვით, ჯამში ივლისის მეოთხე კვირაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 6.8%–ით შემცირდა. ამასთან გაიზარდა სახმელეთო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა და ივლისის მეოთხე კვირაში ამ გზით საქართველოში 15%–ით მეტი ტურისტი შემოვიდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან გაზრდილია სომხეთის გზით საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც – ზრდა 24.7%–ია.
თიბისის მონაცემებით, თუკი 2018 წლის ივლისში საქართველოში 221 397 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წლის ივლისში მათი რაოდენობა 196 159–მდე შემცირდა. გამოდის, რომ ივლისში საქართველოს 11.4%–ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ეწვია, ვიდრე ეს გასულ წელს მოხდა. რაოდენობრივად კი 25 238–ით ნაკლები.
კერძოდ, ივლისის პირველ კვირაში საქართველოში 50 030 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4.1%–ით შემცირებული მაჩვენებელია, მეორე კვირაში 41 423 რუსი ვიზიტორი შემოვიდა – კლება 21.4%–ია, მესამე კვირას 51 024 ვიზიტორი – კლება 13.5%, ხოლო მეოთხე კვირას კი 53 682 – კლება 6.8%.